საზოგადოებრივი მაუწყებელი

გვიმრაძე GDS-ის თანამშრომლების საზმაუში გადასვლაზე: მივიღეთ პროფესიონალი ადამიანები

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე GDS-ის თანამშრომლების ნაწილის GPB-ში გადასვლას ეხმაურება. მისი თქმით, "მივიღეთ პროფესიონალი ადამიანები, რომლებსაც ძალიან კარგად ესმით ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევები და ამოცანები". გვიმრაძე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი "გამარჯვების განაცხადს" ინტეგრირებულ ნიუსრუმსა და ვებპლატფორმის უპირატესობაზე ამყარებს. 

"ამდენად, ეს ადამიანები, რომლებსაც ზუსტად ამგვარი მუშაობის გამოცდილება აქვთ, იყო ჩვენთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანი შენაძენი. ამ შენაძენის სიკეთეს ჩვენი მომხმარებელი (მაყურებელი, მსმენელი და ვებ მომხმარებელი) ძალიან მალე ნახავს" - წერს გვიმრაძე Facebook-ში და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის ვალდებული, თანამშრომელთა აყვანაზე კონკურსი გამოაცხადოს.

"მეტიც. არსებულ ვითარებაში, როდესაც არის კრიზისი და სწრაფი რეაგირების აუცილებლობა, ვთვლი და ყოველთვის ვთვლიდი, უმჯობესია, იცოდე, ვის რას ანდობ და ეძებდე ყველა საშუალებით ზუსტად იმ კადრს, რომელიც გჭირდება, ვიდრე გამოაცხადო კონკურსი და ვერ მიიღო შესაბამისი კადრი, პირველ რიგში იმიტომ, რომ როგორც ორგანიზაცია არ ხარ მიმზიდველი, სასურველი და კონკურენტუნარიანი (ვფიქრობ, ახალს არაფერს ვამბობ) და ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს" - წერს გვიმრაძე და განმარტავს, რომ GPB ატესტაციას არც გეგმავდა და არც გეგმავს.

"ვგეგმავთ შეფასებას, მათ შორის, ეს შეფასება შეეხება ყველა ახალ თანამშრომელსაც, რადგან ვგეგმავთ ყოველწლიური შეფასების სისტემის დანერგვას, რომელიც განსაზღვრავს რანგს, კატეგორიას და შესაბამისად, ანაზღაურებასაც. ცხადია, შეფასებით იმასაც დავადგენთ, უნდა გავაგრძელოთ თუ არა კონკრეტულ ინდივიდთან თანამშრომლობა, მაგრამ ეს არა ერთჯერადი, არამედ პერმანენტული ღონისძიება იქნება და სანამ არ დაიხვეწება ბოლომდე ყველა დეტალი, მის ნაჩქარევად ამუშავებაზე ვთქვით უარი და სრულიად სწორად. ბოლოს, მინდა ვთქვა, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და ვთვლი რომ სწორად, ვისაც შეუძლია დახმარება, დაგვეხმაროს, ვისაც არა - შეუძლია, ხელი შეგვიშალოს, ვიღაცას შეუძლია, უბრალოდ დაგვაკვირდეს. ერთი რამ შეუქცევადია, ეს საქმე წარმატებისათვის განწირულია" - აღნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი.

ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 20:30-ის ყოფილი მთავარი პროდიუსერის ვასილ მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ, GDS-ის თანამშრომლების ნაწილი მაუწყებელში დასაქმდა. მათ შორის, 20:30-ის წამყვანი მაკა ცინცაძე, ბიძინა ივანიშვილის გადაცემის "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" წამყვანები მიშა ფეიქრიშვილი და ნათია თოიძე, GDS-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ეკა შონია, 20:30-ის პროდიუსერები მაია ჭუჭულაშვილი და თამუნა კენკიშვილი, ასევე, 2030.news-ის რედაქტორი ირინა დეკანოიძე. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ ვასილ მაღლაფერიძე GDS-ის თანამშრომლების GPB-ზე გადაყვანის გეგმას ახორციელებს.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც მაუწყებელში თანამშრომლების ოპტიმიზაცია ხარჯების შემცირების მიზნით უნდა მოხდეს. არხის მენეჯმენტის გეგმით, უნდა დაიხუროს "არარეიტინგული გადაცემები": "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრადუსი", "მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "ც სტუდია", "უცნობი მუსიკა".

მედიაჰოლდინგ “იმედის” მფლობელმა კომპანიამ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა" ბერა ივანიშვილისგან ტელეკომპანია ჯი-დი-ეს-ის 100%-იანი წილი იყიდა. იმედი GDS-ის გარდა, ტელეკომპანია მაესტროს საკონტროლო პაკეტის შეძენასაც აპირებს.

კომენტარები