დანაშაულის სავარაუდო დაფარვა

სესიაშვილი: სასამართლოს მივმართავ, ენმ პასუხს აგებს ასეთი სიბინძურისთვის

ტაბულა

თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას სასამართლოში უჩივლებს. სესიაშვილის თქმით, ენმ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მისი შვილის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობას ეხება, "ბინძური ტყუილია". სესიაშვილმა აღნიშნა, რომ მისი შვილი ნამდვილად მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

"უწესიერესი, გამორჩეული შვილი მყავს, რომელიც მთლიანად ორიენტირებულია სწავლა-განათლებაზე, პროფესიულ განვითარებაზე. ასეთი სიბინძურე, რომელიც მართლა პირდაპირ ჩემ წინააღმდეგ არის მომართული, უბრალოდ, მათი [ერთიანი ნაციონალური მოძრაობის] ხასიათი და სახეა. მე, რა თქმა უნდა, მათ ბინძურ ქმედებას პასუხის გარეშე არ დავტოვებ, გავივლი იურისტებთან კონსულტაციას და დარწმუნებული ვარ, სასამართლოს მივმართავ და პასუხს აგებენ ასეთი სიბინძურისთვის" - თქვა სესიაშვილმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, ირაკლი სესიაშვილის შვილს ჩადენილი დანაშაულისთვის საგამოძიებო უწყებებმა ხელი დააფარეს. ენმ-ის წევრის კოტე იოსელიანის ინფორმაციით, საქმე ეხება თბილისში მომხდარ ქურდობას, რა დროსაც ამოღებული სავარაუდო დამნაშავის თითის ანაბეჭდები სწორედ დავით სესიაშვილის ანაბეჭდებს ემთხვევა. ენმ-ის განცხადებით, ამის შესახებ დაქტილოსკოპიის ანალიზით მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სესიაშვილმა სუს-ს მუშაობის დაწყების სურვილით მიმართა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ქართული ოცნების დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის შვილ დავით სესიაშვილთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ის მართლაც აიყვანეს სამსახურში და მისი მხრიდან კანონდარღვევა არ გამოვლენილა.

კომენტარები