ეკონომიკური ზრდა

2017 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5% იყო

ტაბულა

საქსტატი 2017 წლის პირველი კვარტლის (იანვარი, თებერვალი, მარტი) ეკონომიკური ზრდის სტატისტიკას ავრცელებს. ანგარიშიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5%-ით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი მთავრობის საპროგნოზო 4%-ზე მაღალია.

კონკრეტული თვეების მიხედვით კი ზრდა ასე გამოიყურება: იანვარი - 5.2%, თებერვალი - 4.4%, მარტი - 5.3%. 

მთავრობის 4%-იან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს სკეპტიკურად უყურებს სავალუტო ფონდი. ფონდის უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა იმაზე ნელა გაიზრდება ვიდრე ამას საქართველოს მთავრობა ვარაუდობს. ფონდი წელს საქართველოსთვის 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით კი არსებული ეკონომიკური ზრდა გამოწვეულია კარგი დინამიკით მთელ რიგ მიმართულებებში, რომელთა შორისაა - საწარმოთა ბრუნვა; გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.

ეკონომიკური ზრდის მონაცემები წინასწარია და ის შესაძლოა მომდევნო თვეების მანძილზე დაკორექტირდეს.

2016 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 2.8% შეადგინა, მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

კომენტარები