თბილისის მერია

თბილისის მერიას 281 მანქანა ემსახურება ლონდონისას კი არცერთი

დავით ნარმანია პუშკინის ქუჩის ესტაკადის გახსნაზე
facebook.com/CityHallofTbilisi

თბილისის მერიას 281 მანქანა ემსახურება, ხოლო ლონდონის წარმომადგენლობით ორგანოსა და ვილნიუსის მერიას არცერთი. ფლანგვის დეტექტორის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, 281 მანქანიდან 105 თბილისის გამგეობების ბალანსზეა, ხოლო დანარჩენი თბილისი მერიის ადმინისტრაციასა და სხვადასხვა სამსახურზე მოდის. ამ ავტომობილებმა 2017 წლის პირველ ორ თვეში 118 ტონა ბენზინი დაწვეს.

მერიის ავტოპარკის შემადგენლობაში შედის 94 ცალი Kia Picanto, 42 Kia Cerato, 25 Kia Rio, 20 ერთეული Kia Optima, Hyundai-ს მარკის 61 ავტომობილი, ასევე რამდენიმე TOYOTA LAND CRUISER-ი. 

ფლანგვის დეტექტორისთვის ლიტვის დედაქალაქის მუნიციპალური მთავრობიდან მიღებული წერილიდან ირკვევა, რომ ვილნიუსის საბჭოს რეგულაციის მიხედვით, მერი, მერის მოადგილე, კომიტეტების თავმჯდომარეები, პოლიტიკური ჯგუფების ლიდერები და საბჭოს წევრები არ სარგებლობენ სამსახურეობრივი მანქანებით. ამის სანაცვლოდ, მათ ყოველთვიურად ეძლევათ 300 ევროს ოდენობის დანამატი, რომელიც გამოყოფილია მობილური ტელეფონის, ფოსტის, ინტერნეტისა და მგზავრობის ხარჯების (მათ შორის ავტომობილის ქირაობა და შეკეთება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით სარგებლობა, დაზღვევა და ა.შ.) ასანაზღაურებლად.

ფლანგვის დეტექტორისთვის დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის საკრებულოდან გაგზავნილი წერილიდან კი ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს წევრები და თანამშრომლები სამსახურეობრივი მანქანებით, ან სხვა რაიმე ტიპის დამატებითი ბენეფიტებით სახელმწიფოსგან არ სარგებლობენ. ასევე ნათქვამია, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, ლონდონის მერი და კოლეგიის სხვა წევრები საჯარო ტრანსპორტით გადაადგილდებიან.

კომენტარები