ჩხრეკა

სუს: ენმ-ის წევრი ქრთამის აღებაში დახმარებისთვის ბრალდებულის ჩვენებით გავჩხრიკეთ

ენმ

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ერთი პირი დააკავა, რომლის ჩვენების საფუძველზე, სასამართლო განჩინებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის გოჩა კოკაიას სახლი გაჩხრიკა - ინფორმაცია ტაბულას სუს-ში მიაწოდეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურის ინფორმაციით, როგორც სამართალდამცავებმა კოკაიას განუცხადეს ჩხრეკა ხორციელდებოდა მოქალაქის ჩვენების საფუძველზე, რომელიც ამბობდა, რომ კოკაია ყალბ დოკუმენტებს ამზადებდა. სამართალდამცავები მის სახლში ყალბ დოკუმენტებს ეძებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი თამაზ ინალიშვილი დააკავეს, თუმცა, რა საბუთს ეძებდნენ კოკაიას სახლში, ტაბულას სუს-ში არ უთხრეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ თამაზ ინალიშვილი საქართველოს  მოქალაქეს  დაჰპირდა თავისი ნაცნობის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის თანამშრომლის  მეშვეობით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის 3 წლის ვადით  გადავადებას, რის სანაცვლოდაც 1000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს თამაზ ინალიშვილმა აღნიშნულ მოქალაქეს გამოართვა  მოთხოვნილი თანხა 1000 აშშ დოლარის ოდენობით და განუმარტა, რომ უმოკლეს ვადაში გადასცემდა სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობას, რომელშიც იქნებოდა სავალდებულო სამსახურის გადავადების შესახებ შესაბამისი მონაცემი.

2017 წლის 5 ივლისს  თამაზ ინალიშვილმა მოქალაქეს გადასცა სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გადავადების ამსახველი  სამხედრო-სააღრიცხვო წვევამდელის ყალბი მოწმობა, რის შემდეგაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს", - წერია სუს-ის განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 25- 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები