კობახიძის და დოლიძის დაპირისპირება

მდინარაძე: პრეზიდენტი თავად არის შემკვეთი, იმ ეთიკის მიღმა განცხადებებისა

მამუკა მდინარაძე
საქართველოს პარლამენტი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძისა და ანა დოლიძის შორის მომხდარ დაპირისპირებაზე პრეზიდენტის განცხადებას პასუხობს. მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის განცხადებით დასტურდება, რომ ის თავად არის შემკვეთი იმ ეთიკის მიღმა განცხადებებისა, რომელიც მისი ადმინიტრაციიდან ბოლო დროს კეთდება.

"პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის არის მთავარი შემკვეთი და წამახალისებელი იმ ეთიკის მიღმა განცხადებების, რომლებიც მისი ადმინისტრაციის მხრიდან ბოლო დროს კეთდება. ჩვენი გუნდის, უმრავლესობის წევრებს ვთხოვ და მოვუწოდებ, ნუ წამოეგებიან ამ პროვოკაციულ განცხადებებს და შევწყვიტოთ ეს უსარგებლო პოლემიკა. როგორც ჩანს, პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ამით საზრდოობს და ეს მათთვის არის საშუალება, გამუდმებით იყვნენ ყურადღების ცენტრში.” - ამბობს მდინარაძე. მდინარაძის ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს. 

26 ივლისს გამართულ სესიაზე ირაკლი კობახიძესა და ანა დოლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დოლიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ თვითმმართველობის კოდექსზე პრეზიდენტის მოტივიერებულ შენიშვნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძის გამოსვლა "თავდასხმებით, შეურაცხყოფებით, დაუმსახურებელი და ღირსებას მოკლებული კრიტიკით იყო სავსე". ირაკლი კობახიძემ კი მას მოუწოდა რომ პოლიტიკოსებზე არ ისაუბროს, რადგან ის საჯარო მოხელეა. კობახიძემ სესიის განმავლობაში ანა დოლიძის მიმართ რამდენჯერ გამოიყენა მიმართვის ფორმად "ბატონო გიორგი".

სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას ანა დოლიძემ ირაკლი კობახიძეს "უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი" უწოდა რასაც ქართული ოცნების ოფიციალური განცხადება მოჰყვა, სადაც ეწერა, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დაარღვია ეთიკისა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები. 

ოცნების განცხადებას პრეზიდენტმა უპასუხა და დეპუტატებს ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე კონცენტრირებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები