ყირიმის ოკუპაცია

ადამიანების გატაცება, წამება და მკვლელობები - ყირიმი რუსეთის ოკუპაციის შემდეგ

BBC

ყირიმში რუსეთის ოკუპაციის შემდეგ ადამიანის უფლებები მკვეთრად გაუარესდა - ეს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც დეტალურად აღწერს, რა გავლენა იქონია ყირიმში უკრაინის კანონების რუსულით შეცვლამ, მათ შორის უკრაინის მოქალაქეობის რუსულით ჩანაცვლებამ

"გამოვლინდა ადამიანის უფლებების უხეში დარღვევები, ისეთი, როგორიც არის თვითნებური დაპატიმრებები და დაკავებები, გატაცება, წამება და არასათანადო მოპყრობა და სულ მცირე, ერთი სასამართლოს მიღმა, თვითნებურად დასჯის ფაქტი", - ნათქვამია გაეროს ანგარიშში. 

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ზეიდ რაად ალ ჰუსეინი აღნიშნავს, რომ ყირიმში ადამიანის უფლებების მკვეთრად გაუარესებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოქალაქეობის საკითხმაც მოახდინა. 

"ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის ჩანაცვლება შესაძლოა გაუტოლდეს იძულებას, დადონ ერთგულების ფიცი იმათ მიმართ, ვისაც შესაძლოა მტრად მიიჩნევენ, ეს კი ჟენევის მეოთხე კონვენციის თანახმად აკრძალულია". 

გაერო მიუთითებს, რომ უკრაინის მოქალაქეობის რუსულით ჩანაცვლებამ ათობით ათას ადამიანზე მოახდინა უარყოფითი გავლენა: მათზე, ვინც ფორმალურად უარყო მოქალაქეობა, საჯარო მოხელეებზე, რომლებიც იძულებულები გახდნენ, უარი ეთქვათ უკრაინის მოქალაქეობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაო ადგილებს დაკარგავდნენ, ასევე ყირიმის მცხოვრებლებზე, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს რუსეთის მოქალაქეობისთვის საჭირო კრიტერიუმები და უცხოელებად იქცნენ. 

გაეროს ცნობით, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნახევარკუნძულზე ცხოვრების უფლება, მაგრამ არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, არ არიან თანასწორები კანონის წინაშე და ჩამორთმეული აქვთ მნიშვნელოვანი უფლებები: არ შეუძლიათ იქონიონ სასოფლო-სამეურნეო მიწები, არ მონაწილეობენ არჩევნებში, ვერ რეგისტრირდებიან რელიგიურ გაერთიანებებში, ვერ ესწრებიან საჯარო შეხვედრებს, არც მანქანის გადაფორმება შეუძლიათ. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსხვერპლი ყირიმში მცხოვრები ყველა ეთნიკური წარმოშობის ადამიანი ხდება, თუმცა განსაკუთრებულ შევიწროებას ყირიმელი თათრები განიცდიან. გაერო ასევე მიუთითებს, რომ ნახევარუნძულზე მნიშვნელოვნად შემცირებულია უკრაინული კულტურისა და იდენტობის გამოვლენის შემთხვევები. 

გაეროს რუსეთის მთავრობის მიმართ 20 რეკომენდაცია შეიმუშავა. საერთაშორისო ორგანიზაცია რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს "მის საოკუპაციო ძალის ვალდებულებებს საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით", დაცვას ყველა ადამიანის უფლება თანაბრად და ეფექტურად გამოიძიოს სავარაუდო წამების, გატაცებისა და მკვლელობის ფაქტები, მათ შორის უსაფრთხოებისა და ყირიმის თავდაცვის ძალების წევრების მიმართ. 

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მომზადებული დოკუმენტი 2014 წლის თებერვლიდან 2017 წლის სექტემბრამდე პერიოდს მიმოიხილავს. თუმცა, ვინაიდან ოკუპაციის შემდეგ რუსეთი გაეროს სადამკვირვებლო მისიის წევრებს ნებას არ რთავს, შევიდნენ ყირიმის ტერიტორიაზე, მონიტორინგი უკრაინის არაოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელდა. 

ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა, ანექსიას ნახევარკუნძულზე რუსეთის ჯარების სამხედრო ინტერვენცია უძღოდა. 

კომენტარები