რუსეთი

მის რუსეთის თქმით პუტინის წყალობით ქვეყანაში სექსუალური ძალადობა არ ხდება

Dozhd

ტელეკომპანია "Дождь"-ის მიხედვით მის რუსეთის ფინალისტებმა, პოლინა პოპოვამ და ქსენია ალექსანდროვამ პრეს კონფერენციაზე ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებულ სკანდალზე კომენტარი გააკეთეს და თქვეს, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის წყალობით რუსეთში სექსუალური შევიწროების მსგავსი ფაქტები არ ხდება.

"ჩემი აზრით ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული. მე არ ვიცი პირადად ანჯელინა ჯოლი როგორ იქცეოდა ამ შემთხვევაში, ბოლოს და ბოლოს ის [ვაინშტაინი] მისი დამსაქმებელი იყო, არ ვიცი იქ რა ხდებოდა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია გოგონაზე, ქალზე, როგორც დაიჭერს თავს, ისევე მოიქცევა მამაკაციც. აუცილებელია დისტანციის დაცვა და ყველაფერი შესანიშნავად იქნება. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ყოველთვის შესანიშნავადაა." - თქვა მის რუსეთი 2017-ის გამარჯვებულმა, პოლინა პოპოვამ.

ქსენია ალექსანდროვნას თქმით, რომელმაც კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა, მას არ სმენია ჰოლივუდის სკანდალის შესახებ, თუმცა სჯერა, რომ მსგავსი რამ რუსეთში ვერ მოხდება და ამისათვის ვლადიმერ პუტინს და მის პოლიტიკას უნდა უმადლოდენ.

პოლინა პოპოვა და ქსენია ალექსანდროვნა რუსეთს "მის მსოფლიოს" და "მის სამყაროს" კონკურსებზე წარადგენენ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თებერვალში ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელითაც ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაცია მოხდა. კანონის მიხედვითა ოჯახური ძალადობის ფაქტის პირველი დაფიქსირებისას მოძალადეს მხოლოდ ჯარიმა ეკისრება. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ოჯახური ძალადობის გამო ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 14,000-მდე ქალი იღუპება.

კომენტარები