კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხი

ესპანეთი კატალონიის ავტონომიის გაუქმების პროცესს შაბათს დაიწყებს

ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი

კატალონიის პრეზიდენტს, კარლოს პუჩემონტს ოფიციალური მადრიდისათვის პასუხის გაცემის ვადა დღეს ამოეწურა, რის გამოც ესპანეთის მთავრობა კატალონიის ავტონომიის გაუქმებას და რეგიონზე პირდაპირი კონტროლის გავრცელებას აპირებს.

მთავრობამ გადაწყვეტილება პუჩემონტის წერილის მიღების შემდეგ მიიღო, რომელშიც ის მოლაპარაკებებზე უარის თქმის შემთხვევაში დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადებით იმუქრებოდა. კატალონიის ლიდერის თქმით თუ ესპანეთი რეპრესიას გააგრძელებდა რეგიონული პარლამენტი დამოუკიდებლობის დეკრალაციის ამოქმედებას მხარს დაუჭერდა.

ესპანეთის მთავრობის განცხადებით მინისტრები კონსტიტუციის 155-ე მუხლის ასამოქმედებლად შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ კატალონიის პრეზიდენტმა, კარლოს პუჩემონტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი, თუმცა მისი იმპლემენტაცია შეაჩერა და ოფიციალურ მადრიდს დიალოგისაკენ მოუწოდა. პასუხად ესპანეთის პრემიერმინისტრმა მარიანო რახოიმ პუჩემონტს ოფიციალური განცხადებით მიმართა დაეკონკრეტებინა გამოაცხადა დამოუკიდებლობა თუ არა. პუჩემონტისთვის საბოლოო პასუხის გასაცემად მიცემული ვადა ორშაბათს ამოიწურა. მას პრემიერისათვის გაგზავნილ წერილში ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი არ გაუცია, რის გამოც საბოლოო ვადა ხუთშაბათამდე გადაუწიეს.

"არ არის ძალიან რთული უპასუხო შეკითხვას: გამოაცხადა კატალონიამ დამოუკიდებლობა თუ არა, იმიტომ, რომ თუ გამოაცხადეს, მთავრობა ვალდებულია გარკვეული ქმედებები განახორციელოს და თუ არ გამოუცხადებიათ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ." თქვა მარიანო რახოიმ.

ესპანეთის მთავრობას 1978 წლის კონსტიტუცია აძლევს უფლებას კრიზისის პირობებში ავტონომიურ რეგიონზე პირდაპირი მმართველობა გაავრცელოს, თუმცა ოფიციალურ მადრიდს ეს არასდროს გამოუყენებია.

უცნობის რა სახით განხორციელდება ესპანეთის მიერ პირდაპირი კონტროლის გავრცელება. კატალონიური გაზეთის La Vanguardia-ს მიხედვით ოფიციალური მადრიდი რეგიონული მთავრობის დეპარტამენტების სამართავად საკუთარ დელეგატებს დანიშნავს. პუჩემონტი ნომინალურად დარჩება კატალონიის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა ყველანაირი ძალა ჩამოერთმევა. შესაძლოა ესპანეთის მთავრობამ ახალი რეგიონული არჩევნებიც დანიშნოს.

 

კომენტარები