ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა Bloomberg-ის სისტემაში დადებული გარიგებების სტატისტიკა გამოაქვეყნა

REUTERS

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bloomberg-ის სისტემაში დადებული გარიგებების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ლარის ოფიციალური კურსი Bloomberg-ის სისტემაში ჩართული კერძო ბანკებისა და რამდენიმე მიკროსაკრედიტო ორგანიზაციის გარიგებების საშუალო მაჩვენებლის გამოთვლით გაიანგარიშება. Bloomberg-ის სისტემა დღეისთვის ამ ტიპის ვაჭრობის ჩატარების ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემაა. 

ეროვნული ბანკის განმარტებით, გავრცელებული შეხედულების მიუხედავად სისტემაში ვაჭრობის ნახევარზე მეტი ორ უმსხვილეს ბანკზე არ მოდის. 

Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების წილი კომპანიების მიხედვით (2 ოქტომბერი 13 ნომბრის შუალედი)

  1. პროკრედიტ ბანკი - 14.4%
  2. საქართველოს ბანკი - 13.9%
  3. თიბისი ბანკი - 11.9%
  4. ტერა ბანკი - 9.1%
  5. შპს მისო რიკო ექსპრესი - 7.6%
  6. პაშა ბანკი - 7.3%
  7. VTB ბანკი - 6.8%
  8. სილქ როუდ ბანკი - 5.4%
  9. ლიბერთი ბანკი - 4.4%
  10. ჰალიკ ბანკი საქართველო - 3.8%
  11. სს მისო კრისტალი - 3.3%
  12. კრედო ბანკი - 1.9%
  13. ბაზისბანკი - 1.8%
  14. შპს მისო ინტელ ექსპრეს ჯორჯია - 1.9%
  15. იშ ბანკი საქართველო - 1.9%
  16. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო - 1.9%
  17. ბანკი ქართუ - 1.4%
  18. ზირაათ ბანკი საქართველო - 0.7%
  19. შპს მისო გირო კრედიტი - 0.3%
  20. ფინკა ბანკი საქართველო - 0.1%

ეროვნული ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში არავითარი კაპიტალის კონტროლი არ არსებობს:

საქართველოში სავალუტო ბაზარი ლიბერალიზებულია და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, ქვეყანაში სავალუტო შეზღუდვები არ არსებობს. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეუძლია შეუზღუდავად შეიძინოს ან გაყიდოს ნებისმიერი ვალუტა, ფინანსური შუამავლის მეშვეობით ან მის გარეშე. იურიდიული პირები პროცესში ძირითადად ფინანსური შუამავლების - კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალებით მონაწილეობენ. რაც შეეხება სავალუტო პუნქტებს, რომელიც ბაზრის საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, ისინი უმეტესად საცალო კლიენტებს ემსახურებიან და მინიმალური მარჟით ახორციელებენ ვალუტის კონვერტირებას.

ფინანსური ინსტიტუტები სავალუტო შემოსავლებს იღებენ კლიენტების დავალებით ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული საკომისიოს სახით. ვინაიდან საქართველოში დოლარიზაცია ჯერ კიდევ მაღალია, მომხმარებლები ხშირად აკონვერტირებენ ვალუტას, რაც, შესაბამისად, ბანკების მაღალ სავალუტო შემოსავლებს განაპირობებს. დოლარიზაციის შემცირებასთან ერთად ეს მაჩვენებელიც ეტაპობრივად შემცირდება.

კომენტარები