არეულობა ბათუმში

ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

newposts.ge

ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ პატიმრობა ბათუმში მარტში მომხდარ არეულობაში მონაწილეობის გამო შეუფარდეს.

ირაკლი ჩხვირკია და მერაბ ღოღობერიძე 2017 წლის 23 აპრილს, ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს, თავდაპირველად გამოძიება ღოღობერიძეს და ჩხვირკიას მასობრივი არეულობის ორგანიზებას ედავებოდა და გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობდა. თუმცა შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდა და დაკავებულებს სასჯელი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე მიესაჯათ, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან.

ირაკლი ჩხვირკია 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში გამართულ აქციაზე იმყოფებოდა. მან ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა. ჩხვირკიამ საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომა და შსს–დან მისი გათავისუფლება, ასევე, აქციის მონაწილეებისათვის ხელშეუხებლობა მოითხოვა. მან ხელისუფლებას ამისთვის 1.5 საათი მისცა. ერთი დღის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ ჩხივრკვია პარტიიდან გარიცხეს. 

"ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარტიასთან შეუთანხმებლად ირაკლი ჩხვირკიას მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება და ქმედება, რომელიც არ გამოხატავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიციას. მეტიც, მისი ქმედებები ენმ-ის პოზიციის საწინააღმდეგო იყო. ამ დროისთვის ირაკლი ჩხირკვია პარტიიდან გარიცხულია", - აღნიშნულია ენმ-ის 13 მარტის განცხადებაში.

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძეს, ის ტაბულასთან საუბარში უარყოფდა არეულობის ორგანიზებას. 

კომენტარები