რუსული პროპაგანდა

აშშ-მ 13 რუს ინტერნეტ ტროლს 2016 წლის არჩევნებში ჩარევისთვის ბრალი წაუყენა

SC magazine UK

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა საბჭომ 16 თებერვალს საბრალდებო ოქმი შეადგინა, რომელიც ცნობილ რუსულ ტროლების დაჯგუფებას ეხება. 13 პირს ბრალად ედება 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კრიმინალური გზებით ჩარევა. 

უწყების მიერ გამოქვეყნებულ საბრალდებო ოქმში წერია, რომ რუსეთში, სანქტ-პეტერბურგში დაფუძნებული "ინტერნეტის კვლევის სააგენტო" წარმოადგენდა დაჯგუფებას, რომელსაც გააჩნდა ამბიციური მიზანი, ეწარმოებინათ იმგვარი პროპაგანდა, რაც აშშ-ის ამომრჩეველს უბიძგებდა, ხმა მიეცათ იმ დროისათვის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპისთვის. 

ოქმში ასევე წერია, რომ ბრალდებულთაგან რამდენიმე პირი ცდილობდა ტრამპის კამპანიასთან ასოცირებულ ამერიკელებთან ინტერაქციაში შესვლას, თუმცა ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მათით მანიპულირებდნენ. 

"ეს ბრალდებები იმის შესახსენებლადაა, რომ ადამიანები ყოველთვის ისინი არ არიან, ვინც ინტერნეტში ჩანან. საბრალდებო ოქმი ამტკიცებს, რომ რუს კონსპირატორებს სურთ, რომ აშშ-ის საზოგადოებაში უთანხმოება გამოიწვიონ და ძირი გამოუთხარონ დემოკრატიაში არსებულ საჯარო ნდობას. ჩვენ მათ ამის გაკეთების საშუალება არ უნდა მივცეთ,"- აცხადებს აშშ-ის იუსტიციის მინისტრი, როდ როუზენშტაინი. 

37-გვერდიან ოქმში დეტალურადაა აღწერილი, თუ როგორ მოქმედებდა რუსი ტროლების დაჯგუფება. 

პროკურატურის განცხადებით, ინტერნეტის კვლევის სააგენტოს შედგენილი ჰქონდა ნამდვილი ამერიკელების სია, რომლებსაც ისინი უკავშირდებოდნენ ყალბი ინტერნეტ-ანგარიშების საშუალებით და მათ მიზნის შესრულებაში დახმარებას სთხოვდნენ. სია, რომელიც 2016 წლისთვის უკვე 100 ადამიანისგან შედგებოდა, მოიცავდა აშშ-ის მოქალაქეების საკონტაქტო ინფორმაციას, მათი პოლიტიკური შეხედულებების მოკლე მიმოხილვასა და იმ აქტივობებს, რომელთა შესრულებასაც მათ რუსი ტროლები ავალებდნენ. 

უწყების სპეციალური საბჭოს სპიკერის პიტერ კარის ცნობით, არცერთი ბრალდებული ამ დროისთვის დაკავებული არ არის. რუსეთი, როგორც ყოველთვის, უარს ამბობს თავისი მოქალაქეების ექსტრადირებაზე. ასე რომ, მათი დაპატიმრება ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა მათ რუსეთის გარეთ მოგზაურობა შეზღუდული ექნებათ.

საბრალდებო ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ რამდენიმე რუსი თავს ამერიკელად საღებდა და თავისი რუსული იდენტობის გამოვლენის გარეშე იმ ადამიანებს ეკონტაქტებოდა, რომლებიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან იყვნენ ასოცირებული, რათა მათი პოლიტიკური აქტივობებისთვის კოორდინირება გაეწიათ. 

2016 წლის თებერვლაში ბრალდებულებს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, ვის დაუჭერდნენ მხარს არჩევნებში. საბრალდებო ოქმის ცნობით, ინტერნეტის კვლევის სააგენტოს სპეციალისტებს დავალებული ჰქონდათ, რომ "გამოეყენებინათ ნებისმიერი შესაძლებლობა ჰილარისა და სხვების კრიტიკისათვის (გარდა სანდერსისა და ტრამპისა - ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ)". 

ბრალდებები მოიცავს აშშ-ის მოტყუების შეთქმულებას, ჯგუფური თაღლითობის შეთქმულებას და იდენტობის გაყალბებას. 

ერთერთი ბრალდებული ევგენი პრიგოჟინია, რომელიც დიდი ხნის მანძილზე რუსულ მედიაში ცნობილია, როგორც ინტერნეტის კვლევის სააგენტოს ფინანსური მხარდამჭერი. ის მომმარაგებელია, რომელსაც მეტსახელად "პუტინის შეფმზარეული" ერქვა, რითიც ხაზს უსვამდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, თავის მჭიდრო კავშირს. 

"ამერიკელები ძალიან მარტივად ექცევიან შთაბეჭდილებების ქვეშ და ისინი ხედავენ იმას, რისი დანახვაც უნდათ. მე მათ ძალიან ვაფასებ. საერთოდ არ ვარ იმედგაცრუებული ამ სიაში მოხვედრით. თუკი მათ ეშმაკის დანახვა უნდათ, დაე,"- თქვა პრიგოჟინმა რუსულ "რია ნოვოსტისთან" საუბრისას. 

Washington Post-ის ცნობით, ინტერნეტის კვლევის სააგენტო სილიკონის ველის სახელით ცნობილი საქმის მთავარი ცენტრი იყო 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. Facebook-ი, Twitter-ი, Instagram-ი და Google - სწორედ ამ სოციალური ქსელების დახმარებით რუსული დაჯგუფება მუდმივად ცდილობდა, ორად გაეყო ამერიკელი მოსახლეობის აზრი ისეთ თემებზე, როგორიცაა რასა, რელიგია, იარაღის ტარების უფლება და ემიგრაცია. 

კომენტარები