შინაგან საქმეთა სამინისტრო

ჩაუბარებელი ვიდეოჯარიმები საიტზე გამოქვეყნდება და 30-ე დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების ჩაუბარებელი ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო. საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება.

2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად:

  • სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება;
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10 კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
  • თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
  • ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
  • საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარიმო ქვითარს საჯაროდ გამოაქვეყნებს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
  • საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
  • ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
  • ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა.
  • მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით. 

შსს აღნიშნავს, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

"რეგულაციის თანახმად, ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა. მათზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები, ასევე, გამოქვეეყნდება police.ge-ზე" - აცხადებს შსს.

კომენტარები