ხორავას ქუჩის საქმე

"მე ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ვისგან - ამას ვერ გეტყვით" - ლუკა კალანდია კომისიამ გამოკითხა

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამ დღეს ჩხუბის მონაწილის მიხეილ კალანდიას ძმა გამოკითხა. ლუკა კალანდიას თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვნებს და ნებისმიერი სახის ინფორმაცია კონფიდენციალურია.

"თუნდაც ეს ინფორმაცია [რა ვისაუბრე კომისიის წევრებთან] არის კონფიდენციალური. ხორავას ქუჩაზე მე არ ვყოფილვარ, შესაბამისად, ვერანაირ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით იმასთან დაკავშირებით, ვნახე თუ არა, იმიტომ რომ არ ვყოფილვარ... ასე გეტყვით, მე ვიცი, რა მოხდა, ჩემი ძმისგან თუ სხვა წყაროსგან, მაგას ვერ გეტყვით,“ - თქვა ლუკა კალანდიამ და აღნიშნა, რომ 1 დეკემბრის სისხლიანი გარჩევის შემდეგ, თავის ძმას არა ხორავას, არამედ პეტრიაშვილის ქუჩაზე მიაკითხა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის თქმით, კომისიის წევრები ლუკა კალანდიას მიწოდებულ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

"ის უშუალო თვითმხილველი არ არის ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის, თუმცა ფლობს ინფორმაციას თავისი ახლობლებისგან და ასევე, სხვა ადამიანებისგან, რომლებიც იქ იმყოფებოდნენ. ჩვენ სწორედ ამ ინფორმაციის მიღება გვაინტერესებდა" - ამბობს კაპანაძე.

კომისიის კიდევ ერთი წევრის, უმრავლესობის დეპუტატის მამუკა მდინარაძის თქმით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ "ლუკა კალანდიამ მიუთითა მათ შორის კონკრეტულ პირებზეც".

აღსანიშნავია, რომ ლუკა კალანდიას ბრალი დანაშაულის დაფარვისთვის აქვს წარდგენილი. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა.

--------

8 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვანთა დაპირისპირებისას ორი მოზარდი მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო რამდენიმე დღის წინ, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ უკვე გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები, ამ ეტაპზე გარკვეულია, რომ ხორავას ქუჩაზე კიდევ ერთი პირი - გ.მ დაიჭრა. როგორც 25 ივნისის სხდომაზე ევროპული საქართველოს დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ თქვა, დაპირისპირების ერთერთი მონაწილე მიხეილ კალანდია ჩვენებაში ამბობს, რომ მესამე პირი დ.ღ.-მ დაჭრა. აბესაძის ინფორმაციითვე, დ.ღ.-ზე საუბრობს მსჯავრდებული გ.ბ.-ც, თუმცა არ ასახელებს მის ვინაობას და აღწერს ვიზუალურად. მსჯავრდებული ამბობს, რომ მესამე დაჭრილს სწორედ მან მოუქნია დანა. საქმის მასალების მიხედვით, თავად დაჭრილი არ ამბობს ვინ დაარტყა დანა.

კომისიის ღია სხდომებზე ასევე გაირკვა, რომ მიხეილ კალანდიას, რომელიც მისივე ჩვენებით, დაჭრილ სარალიძეს ურტყამდა, გამოძიება თანამონაწილედ არ მიიჩნევს. გარდა ამისა, თვითმხილველთა ნაწილი არ დაკითხეს და ქუჩის ვიდეოჩანაწერები დროულად არ ამოიღეს. ასევე, ადგილი, სადაც არასრულწლოვნებმა მკვლელობის შემდეგ თავი მოიწესრიგეს, ოფიციალურად არ დაუთვალიერებიათ.

დადგინდა, რომ შსს-ს და პროკურატურას განსხვავებული ვერსიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, ჩხუბის დაწყებამდე, მკვლელობის ადგილიდან რამდენ მეტრში იდგა მიხეილ კალანდია.

მის გარდა, კომისიის ოპოზიციონერმა წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გ.ბ-სთვის პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობის "მიწებებასაც" ცდილობდა. ეჭვის საფუძვლად ის ფაქტები დასახელდა, რომ ფარულ სატელეფონო ჩანაწერში გ.ბ აღწერს და ადასტურებს ლევან დადუნაშვილის მკვლელობას, ხოლო დავით სარალიძეზე ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ჰქონია. გარდა ამისა, გ.ბ-ს დანაზე არ აღმოჩნდა სარალიძის დნმ და მასზე მხოლოდ დადუნაშვილის ბიოლოგიური მასალაა. ერთადერთი მოწმე, ვინც გ.ბ-ს სარალიძის მიმართ ფიზიკურ კონტაქტზე მიუთითებს, მიხეილ კალანდიაა, რომელმაც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ახალი გარემოებების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათ შსს-ს მიმართეს, გადაამოწმოს ახალი ვერსია, რაც არასრულწლოვნების დაკითხვების შემდეგ გამოიკვეთა. შსს-ს განცხადებით კი, პირები, რომელთგანაც მიიღო კომისიამ ინფორმაცია, გამოყოფილი საქმის ფარგლებში უკვე გამოკითხული ჰყავთ.

ევროპულმა საქართველომ კომისიაზე წინასწარი რეკომენდაციები უკვე დააყენა - კერძოდ, მოითხოვა მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის, ხოლო მესამე დაჭრილის საქმეზე გამოძიების დაწყება. ამ ეტაპზე, ქართული ოცნების დეპუტატები ამ რეკომენდაციებს არ ეთანხმებიან.

საგამოძიებო კომისია კვირის ბოლოს შს და იუსტიციის მინისტრების, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის გამოკითხვას აპირებს.

კომენტარები