კორუფცია

საგარეომ მინისტრის მოადგილის ძმის კომპანიას უკონკურსოდ გაუფორმა 737,000-ლარიანი კონტრაქტი

ვახტანგ მახარობლიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

ვახტანგ მახარობლიშვილი 2016 წლის 27 ნოემბრიდან იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციას. მისმა უწყებამ 2017 წლის 4 აგვისტოს ყოველგვარი კონკურსის გარეშე გააფორმა 737,000-ლარიანი კონტრაქტი შპს ლენდ მარკ პროჯექტთან. საინტერესოა, რომ ეს კომპანია მარახობლიშვილის ძმას - ავთანდილ მახარობლიშვლს ეკუთვნის.

IDFI-ის შეფასებით, ეს გარიგება კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტების მიმართულებით მრავალ პრობლემას შეიცავს.

როგორ მიიღო მინისტრის მოადგილის ძმის კომპანიამ დიდძალი საბიუჯეტო თანხა, IDFI-ის კვლევა:

2017 წელს, საქართველოს მთავრობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოუყო 737,000 ლარი (განკარგულება N1616, 03.08.17) სამინისტროსათვის სარგებლობის უფლებით არსებობის ვადით ქ. თბილისში, ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, საექსპერტიზო სამუშაოებთან და მდგრადობის კვლევასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებისთვის.

ამ შენობა-ნაგებობასთან დაკავშირებული სამუშაოების განსახორციელებლად სამინისტრომ ელექტრონული ტენდერი არ გამოაცხადა – ასეთი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება. მეტიც, შესყიდვის შესახებ ინფორმაცია და ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე საერთოდ არ არის გამოქვეყნებული, მათ შორის არც პირდაპირი შესყიდვების ხელშეკრულებების ბაზაში.

ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“ (ს/კ: 405221843). ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია შეასრულოს „საპროექტო მიწის ნაკვეთზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის [ლეონიძის ქ. N3-ში მდებარე შენობა-ნაგებობა] ადაპტაცია-ცვლილებისა და ახალი შენობის პროექტირების სამუშაო“. გაწეული სამუშაოსთვის საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპანიას გადაუხდიდა 721,954 ლარს (დღგ-ის ჩათვლით).

დაირღვა თუ არა სახელმწიფო შესყიდვების კანონი?

სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მე-3¹(ე) მუხლის თანახმად - „საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და ქ. თბილისის მერიის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე“ სახელმწიფო შესყიდვების კანონი არ ვრცელდება. რადგან თანხა გამოყოფილი იყო მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო არ იყო ვალდებული ელექტრონული ტენდერი/კონკურსი გამოეცხადებინა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების კანონი არ დაურღვევია, თუმცა სახელმწიფო უწყებებს ვალდებულების არარსებობის მიუხედავად, შეუძლიათ გამოიყენონ კანონით გათვალისწინებული კონკურენტული პროცედურები. მსგავსი პრაქტიკა არსებობს, მათ შორის თავად საგარეო საქმეთა სამინისტროში. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვების კანონი არ დარღვეულა, აღნიშნული შესყიდვა შეიცავს რამდენიმე საეჭვო გარემოებას.

ნათესაური კავშირი მინისტრის მოადგილესთან და სხვა საეჭვო გარემოებები:

კომპანია „ლენდ მარკ პროჯექტთან“ დადებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვებში რისკების მანიშნებელ რამდენიმე გარემოებას, ე.წ. „წითელ დროშას“, შეიცავს. ესენია:

1. შესყიდვაში არ არსებობს კონკურენცია:

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულება პირდაპირი წესით გააფორმა შპს „ლენდ მარკ პროჯექტთან“. შესაბამისი ელექტრონული ტენდერი არ ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ბაზაში. დადებული ხელშეკრულება ასევე არ იძებნება პირდაპირი შესყიდვების ხელშეკრულებების ბაზაში. შესაბამისად, ეს კონკრეტული შესყიდვა განხორციელდა კონკურენციის გარეშე.

2. შესყიდვაში გამარჯვებული კომპანია რეგისტრირებულია შესყიდვამდე მცირე ხნით ადრე 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „ლენდ მარკ პროჯექტი“ დარეგისტრირდა 2018 წლის 3 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც მთავრობის განკარგულების საფუძველზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოეყო თანხა სარეზერვო ფონდიდან, და უშუალოდ შესყიდვის განხორციელებამდე 1 დღით ადრე.

შპს „ლენდ მარკ პროჯექტის“ 100%-იანი წილის მფლობელია ავთანდილ მახარობლიშვილი. ავთანდილ მახარობლიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვახტანგ მახარობლიშვილის ძმაა. ვახტანგ მახარობლიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა 2016 წლის 27 ნოემბერს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი აქვს, უწყების პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განმარტებით, არავითარი ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს, რადგან სამინისტროს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს ამ კომპანიის ხელმძღვანელობასთან ნათესაური კავშირი არ აქვს. 

"აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შპს “ლენდ მარკ პროჯეკტთან” ხელშეკრულების გაფორმებამდე ჩაატარა ბაზრის კვლევა აღნიშნული მომსახურების გაწევის ეფექტური სერვისის მოძიებისთვის. საპროექტო სამუშაოების მომსახურების შესყიდვისას, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანი იყო მიმწოდებლის მაღალი კვალიფიკაცია. შესაბამისად კომპანიის შერჩევის უმთავრესი კრიტერიუმი გახლდათ არა თავად კომპანია, როგორც იურიდიული სუბიეტი, არამედ მასში დასაქმებული კვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც უნდა ჰქონდათ ანალოგიური ხასიათის, სირთულის და შინაარსის პროექტების განხორციელების მდიდარი გამოცდილება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციაც „კვალიფიკაციის დამადასტურებელ მოთხოვნებთან დაკავშირებით“ მიუთითებს ცოდნის/გამოცდილების მატარებელს წარმოადგენს არა კომპანია/საწარმო, არამედ კომპანიაში/საწარმოში დასაქმებული შესაბამის გამოცდილების/კვალიფიკაციის მქონე პერსონალი. მოცემულ შემთხვევაში შპს „ლენდ მარკ პროჯექტის“ ძირითადი სპეციალისტების სამუშაო გამოცდილება და სტაჟი სრულად აკმაყოფილებდა შემსყიდველის მოთხოვნებს. საგარეო საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად სამინისტროს სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე, რომელსაც არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს მოცემულ კომპანიასთან. ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე, აღნიშნულ შესყიდვაში მონაწილე არცერთ პირს მათი საქმიანობისას არ წარმოქმნია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინტერესთა კონფლიქტი,"- პასუხობს სამინისტრო.

კომენტარები