ვლადიმირ პუტინი

პუტინი: სკრიპალის მოწამვლაში ეჭვმიტანილები ვიპოვეთ, ისინი კრიმინალები არ არიან

ვლადიმირ პუტინი
AP

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეები კრიმინალები არ არიან.

პუტინის თქმით მისმა მთავრობამ ალექსანდერ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი იპოვა და იმედი აქვთ, რომ ისინი მალე მოყვებიან თავიანთ ისტორიას.

"ჩვენ ვიცით ვინ არიან ისინი, ჩვენ ვიპოვეთ ისინი." თქვა პუტინმა ვლადივასტოკში საუბრისას.

"იმედი მაქვს, რომ ისინი თავად გამოჩნდებიან და მოყვებიან ყველაფერს. ეს უმჯობესი იქნება ყველასთვის. არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის, არაფერი კრიმინალური, გარწმუნებთ. ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზმა მეიმ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში რუსეთის ორი მოქალაქის დადანაშაულებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ეჭვმიტანილები რუსული შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის, GRU-ს ოფიცრები არიან:

"GRU მკაცრი დისციპლინის ორგანიზაციაა კარგად ჩამოყალიბებული მეთაურობით. შესაბამისად, ეს არ იყო დამოუკიდებელი ოპერაცია. მასზე დასტური, დიდი ალბათობით, GRU-ს გარეთ, რუსეთის სახელმწიფოს უმაღლეს დონეზე გაიცა." თქვა მან.

სკოტლანდ იარდის მიხედვით საკმარისი მტკიცებულება არსებობს იმისათვის, რომ ალექსანდერ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი სოლსბერის თავდასხმისათვის გაასამართლონ. სავარაუდოდ, ეს სახელები და რუსული პასპორტები, რომლითაც ისინი დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ, ყალბია.

გამოძიებს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ორი ეჭვმიტანილი, რომელთა ასაკი 40 წლამდეა მოსკოვიდან გატვიკის აეროპორტში 2 მარტს ჩავიდა, იქიდან კი 4 მარტს სოლსბერიში გაემგზავრნენ.

პოლიცია თავდასხმას კიდევ ორი ადამიანის მოწამვლასთან აკავშირებს, რომელთაგან ერთ-ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. სავარაუდოდ ისინი მას შემდეგ მოიწამლნენ, რაც შეხება ჰქონდათ პარფიუმერიის ბოთლთან, რომელიც, სავარაუდოდ, სკრიპალების კარზე მომწამლავი ნივთიერების მისასხურებლად გამოიყენეს.

უკვე გამოიცა ევროკავშირის მასშტაბით დაკავების ორდერი. დიდი ბრიტანეთი მათი ექსტრადიციის მოთხოვნით რუსეთს არ მიმართავს, რადგან ორ ქვეყანას შორის ექსტრადიციის თაობაზე შეთანხმება არ არსებობს.

კომენტარები