მარიხუანის მოხმარება

შსს: მარიხუანის მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა

Reuters

საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების დასაცვას ითვალისწინებს, დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა.

ახალი კანონის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცა, კერძოდ:

  • იკრძალება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე;
  • ნარკოტიკების მოხმარების მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, მარიხუანას მოხმარება იკრძალება 21 წლამდე ასაკის პირებისთვის;
  • ამასთან, 21 წლამდე პირის დაყოლიება ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე სისხლის სამართლის დანაშაულია;
  • მარიხუანას მოხმარება აკრძალულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როგორც საჯარო მოხელეებისთვის, ისე, კერძო სექტორში მომუშავე პირებისთვის;
  • მარიხუანას მოხმარებისთვის ახალი კანონი ითვალისწინებს სამოქალაქო უფლებების, მათ შორის, გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამორთმევას;
  • გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის;
  • სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალებების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ.

კანონპროექტით არ შეცვლილა მარიხუანას ფლობის და გასაღების მიმართ არსებული რეგულაცია.

შეგახსენებთ, რომ მარიხუანის მოხმარება ლეგალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ "მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას". 2018 წლის 30 ივლისამდე, "ამ ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა და სანქცია 500 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებული ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 30 ნოემბრიდან გახდა, იქამდე - სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა.

კომენტარები