ზუგდიდის #6 საჯარო სკოლა

კობახიძე სკოლის დირექტორის გარდაცვალებაზე: თუ კითხვები არსებობს, პასუხი უნდა გაეცეს

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ზუგდიდის N6 სკოლის დირექტორის ია კერძაიას საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს, მათ პასუხი უნდა გაეცეს.

"პირველ რიგში, გარდაცვლილის ოჯახს მინდა მივუსამძიმრო, რაც შეეხება ზოგადად ამ კონკრეტულ შემთხვევას, იქ თუ რაიმე კითხვის ნიშნები არის და თუ ოჯახს აქვს კითხვის ნიშნები, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. თუ არის ასეთი კითხვები, მას გაეცემა პასუხი, დარწმუნებული ვარ ამაში" - ამბობს კობახიძე.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში ინსულტის დიაგნოზით 2 დეკემბერს გადაიყვანეს. 

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა“ გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. ის სამართალდამცავ ორგანოებს საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

სკოლის შემოწმებას რამდენიმე კვირის წინ Facebook-ზე თავად ია კერზაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

"ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას...ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" - წერდა კერზაია.

არჩევნების შემდგომ პერიოდში სკოლაში ინსპექციას „პოლიტიზებულ პროცესს და ზეწოლას“ უწოდებდა ოპოზიციაც.

კომენტარები