კრიმინალი

ჯანდაცვა: ბავშვის ბიძას გაურკვეველი ნივთიერების, სავარაუდოდ, მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იყო

1tv.ge

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში 13 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულმა ნარკოლოგიურ დაწესებულებას გუშინ, 9 თებერვალს მიმართა და ის გაურკვეველი ნარკოლოგიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. უწყებაში ვარაუდობენ, რომ ეს ნივთიერება მარიხუანა იყო.

"ექიმმა-ნარკოლოგმა შეაფასა მდგომარეობა, პაციენტი იმყოფებოდა გაურკვეველი ნივთიერების (სავარაუდოდ მარიხუანას) ზემოქმედების ქვეშ. ახლობლების თქმით, ის პერიოდულად მოიხმარდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ავლენდა არაადეკვატურ ქცევებს", - აღნიშნავენ უწყებაში.

ჯანდაცვის სამინისტროში ასევე ამბობენ, რომ ნარკოლოგის თქმით, პაციენტს არ აღენიშნებოდა მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა, თუმცა მისი თანმხლები პირების მონაყოლიდან გამომდინარე, პაციენტს შესთავაზეს სტაციონარული მკურნალობა დიაგნოზის დაზუსტების და მკურნალობის მიზნით, რაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.

"პაციენტს და მის თანმხლებ პირებს განემარტათ, რომ არანებაყოფლობითი მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ ფსიქიატრიულ კლინიკებში. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის აღნიშნულ პირებს არ მიუმართავთ", - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

რუსთავში მკვლელობა დღეს დილით მოხდა. 13 წლის ბიჭი ცივი იარაღითაა მოკლული, ბრალდებული ბიძაა, რომელიც პოლიციამ დააკავა. მისი მეგობრები ამბობენ, რომ კაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თუმცა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ მიიღეს, ნარკოლოგიურში კი 3000 ლარის გადახდა მოითხოვეს.

კომენტარები