აშშ

CNN: მაიკლ კოენი კონგრესს ეტყვის, რომ ტრამპმა WikiLeaks-თან გარიგების შესახებ იცოდა

0 კომენტარი
მაიკლ კოენი ფოტო: EPA

CNN-ი წერს, რომ ტრამპის ყოფილი ადვოკატის, მაიკლ კოენის მიერ დაწერილი ტექსტი მოიპოვეს, რომელიც მან კონგრესში ჩვენების მიცემისას დღეს უნდა წაიკითხოს.

მათ მიერ მოპოვებული ტექსტის მიხედვით კოენი იტყვის, რომ დონალდ ტრამპმა მისი მრჩევლის, როჯერ სტოუნის WikiLeaks-სთან გარიგების შესახებ იცოდა. ტექსტში წერია, რომ როდესაც კოენი ტრამპთან შეხვედრაზე იყო სტოუნმა დაურეკა და უთხრა, რომ ჯულიან ასანჟს ესაუბრა და რამდენიმე დღეში იმეილები გავრცელდება, რაც ჰილარი კლინტონის კამპანიას დიდ ზიანს მიაყენებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა "ეს ხომ შესანიშნავია".

კოენის ჩვენებაში ასევე წერია, რომ მისი 2017 წლის ჩვენება, რომელშიც კოენმა კონგრესს ტრამპის ორგანიზაციის მიერ მოსკოვში სასტუმროს პროექტის შესახებ მოიტყუა, პრეზიდენტის ადვოკატებმა შეცვალეს.

CNN-ის მიერ მოპოვებული ჩვენების მიხედვით ის ტრამპს ტყუილში და რასისტული განცხადებების გაკეთებაშიც დაადანაშაულებს.

"ტრამპმა იცოდა და უძღვებოდა მოსკოვში Trump Tower-ის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებებს კამპანიის პერიოდში და ამის შესახებ მოიტყუა, იმიტომ, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ არჩევნებში გაიმარჯვებდა. კიდევ იმიტომაც მოიტყუა, რომ ამ პროექტიდან ასობით მილიონი დოლარის ოდენობის მოგებას ელოდა." წერია ჩვენებაში.

ამის შესახებ კომენტარი თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა გააკეთა:

"შერცხვენილი დამნაშავე მაიკლ კოენი კონგრესის წინაშე მოტყუებისათვის ციხეში მიდის და ამიტომ ცრუ განცხადებებს აკეთებს. სამწუხაროდ, კონგრესის წინაშე მის ამ გამოსვლაშიც იგივეს უნდა ველოდეთ. სასაცილოა, რომ ვინმემ კოენის მსგავის გამოაშკარავებული მატყუარას სიტყვა სერიოზულად მიიღოს და პათეტიკურია, რომ მას ტყუილების გასავრცელებლად კიდევ ერთ შანსს აძლევენ."

შგახსენებთ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლს და მათ კავშირს დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან სპეციალური გამომძიებელი, რობერტ მალერი იძიებს.

მიმდინარე წლის აგვისტოში კოენმა ისიც აღიარა, რომ წინასაარჩვნო კამპანიის დროს ფინანსების თაობაზე კანონები დაარღვია და ტრამპის საყვარლებს გასაჩუმებლად ფული გადაუხადა. მან მანჰეტენის სასამართლოს წინაშე რვა ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და ფედერალურ პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

რაც შეეხება როჯერ სტოუნს, ის რობერტ მალერის გამოძიების ფარგლებში მიმდინარე წლის იანვარში დააკავეს. მას ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა და მოწმეებზე ზეწოლა ედება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები