ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტრო: სოფრომაძის ბრალდებაზე უწყების შიდა აუდიტის სამსახურმა მოკვლევა დაიწყო

Facebook/ Fresco

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სუპერმარკეტების ქსელ "ფრესკოს" დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის, ვიდეო მიმართვას ეხმაურება, რომელმაც 7 მარტს თქვა, რომ უწყების თანამშრომლების მის მარკეტში იარაღს "ატრიალებენ" და პროდუქციას იპარავენ. 

ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სოფრომაძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე რეაგირების მიზნით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შესაბამისი მოკვლევა უკვე დაიწყო.

"შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლები მზად არიან გაეცნონ იმ ვიდეომასალას, რომელზედაც საჯარო გამოსვლაში ისაუბრა "ფრესკოს" დამფუძნებელმა და იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება აღნიშნული ბრალდების დადასტურება, სამინისტრო მოახდენს კანონით დადგენილ რეაგირებას,"- წერია სამინისტროს განცხადებაში. 

ფინანსთა სამინისტრო წერს, რომ მათი უწყების მოხელეებს, გარდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისა, იარაღის ტარების უფლება არ აქვთ, ხოლო სამინისტროს როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრის დაცვა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ არ ხორციელდება. 

"შესაბამისად, მოკვლევის პერიოდში, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი მზადაა, კონკრეტული ინციდენტების არსებობის შემთხვევაში, გაეცნოს შესაბამის ვიდეომასალას და მასალები რეაგირებისთვის გადასცეს ძალოვან უწყებებს,"- წერია განცხადებაში. 

ამასთან, სამინისტრო წერს, რომ თუკი შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მასალის გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდება სოფრომაძის მიერ გამოთქმული ბრალდებები, სამინისტრო იტოვებს უფლებას, მიმართოს სამართლებრივ გზას, ასევე, ბატონი სოფრომაძის მხრიდან "მოითხოვოს საჯარო ბოდიში საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და სისტემის რეპუტაციის შეგნებულად შელახვის გამო". 

7 მარტს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში სოფრომაძე ფინანსთა სამინისტროს მიმართავს და ამბობს, რომ უწყების თანამშრომლები მისი ქსელის მაღაზიებში იარაღს "ატრიალებენ" და პროდუქციას იპარავენ. 

"თქვენ მართლა გინდათ, რომ დაგიდოთ კადრები, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, პასუხს ვაგებ ყველა ჩემს სიტყვაზე, როგორ იპარავენ თქვენი თანამშრომლები, თქვენი დეპარტამენტების წამყვანი სპეციალისტები როგორ იპარავენ ჩემს მაღაზიაში, როგორ ატრიალებენ იარაღს ჩვენი დაცვის თანამშრომლების და ახალგაზრდა გოგონების წინაშე თქვენი თანამშრომლები, დაცვის თანამშრომლები. გინდათ დაგიდოთ ეს ყველაფერი?,"- ამბობს ვასილ სოფრომაძე. 

ამასთან, ის ვიდეოში სვამს კითხვას, თუ რატომ არ იხდის მისი კონკურენტი სუპერმარკეტების ქსელი "კარფური" დამატებითი ღირებულების გადასახადს. 

"ხშირად მსმენია, რომ არ უნდა იყოს ამ ქვეყანაში და არცერთ სხვა ქვეყანაში გამორჩეული ბიზნესები. ვეთანხმები ამას. ეს სწორია, როდესაც ჩემი კონკურენტი "კარფური" დღემდე არ იხდის დღგ-ს გადასახადს და მილიონობით არ შედის სახელმწიფოს ბიუჯეტში, ეს ჩემი ბრალია? და ეს არის თქვენი სწორი მიდგომა?" - კითხულობს ვასილ სოფრომაძე. 

ვიდეომიმართვაში ფრესკოს მფლობელი ასევე ამბობს, რომ მან იცის, რომ შესაძლოა, იმის გამო, რაც მან თქვა, პასუხი მოსთხოვონ. 

"არც იმის განცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას თქვენი გაგებით შემარჩენთ. ჩემი მისამართი ხომ იცით? სად არის ჩემი სათაო ოფისი ხომ იცით? ყველა ჩემი საქმე ხომ იცით? ყველა ინფორმაცია ხომ გაქვთ ჩემზე? გელით, მე გელით" - ამბობს სოფრომაძე. 

კომენტარები