უაქციზო სიგარეტი

თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში 2397 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ექვსი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი 2 397 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტროსიგარეტის "აიქუიოუსისთვის" (IQOS) განკუთვნილი "ჰიითსის" (HEETS) ფირმის 4 470 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

მათი ინფორმაციით, ამოღებული უაქციზო პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 33 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები