ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იქნება, პარტიის ყრილობა 24 მარტს გაიმართება

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე იქნება. 

გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ დღეს, 18 მარტს მიიღო. სხდომას სანდრა რულოვსიც ესწრებოდა. 

ოფიციალურად გადაწყვეტილებას პარტია 24 მარტის ყრილობაზე მიიღებს - ვაშაძის კანდიდატურას მხარი დელეგატებმა უნდა დაუჭირონ. 

"ეს პოლიტსაბჭოს ყრილობის მოსამზადებელი სხდომა იყო. შევქმენით საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ყრილობას მოამზადებს. დავნიშნეთ ადგილი და თარიღი. შევიტანეთ წესდებაში პატარა ცვლილებები და ასევე განვიხილეთ, მაგრამ ბოლომდე ვერ შევჯერდით, შუალედურ არჩევნებში როგორ ვღებულობთ მონაწილეობას. კანდიდატები გადაწყვეტილი არ არის, დავილაპარაკეთ იმაზე, რომელი რეგიონები გვეჩვენება ჩვენთვის პერსპექტიულად და რომელ რეგიონში უნდა დავუჭიროთ მხარი სხვა ოპოზიციის კანდიდატს. . 

ეყოლება თუ არა პარტიას ახალი თავმჯდომარე ჩემი სახით, ამას დელეგატები გადაწყვეტენ. ლოკომოტივს ნუ გავუსწრებთ, ეს დემოკრატიული პარტიაა",- თქვა გრიგოლ ვაშაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ. 

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 მარტის ვიდეომიმართვაში თქვა, რომ პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად ქვეყანაში არ იმყოფება, ხოლო პარტიის ზოგიერთი ლიდერი ციხეშია, პარტია მოქნილი უნდა იყოს გამოწვევების წინაშე.

დღეს გრიგოლ ვაშაძემ ასევე თქვა, რომ 2017 წლის 23 იანვრამდე ნაციონალური მოძრაობის ოფისშიც არ არის ნამყოფი, არ დასწრებია არც ერთ პარტიულ ღონისძიებას, ამიტომ არ იცის, მანამდე რა ხდებოდა პარტიაში. 

2017 წლის დასაწყისში 21 დეპუტატი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გამოეყო და  ახალი პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ჩამოაყალიბა. დაშლის მიზეზად, სხვა საკითხებთან ერთად, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაც სახელდებოდა. პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც ენმ დატოვეს, თავმჯდომარის არჩევა უნდოდათ, ხოლო დარჩენილები კი თვლიდნენ, რომ პოსტი ვაკანტური უნდა ყოფილიყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ თავმჯდომარის არჩევის მსურველებს მიხეილ სააკაშვილის გავლენის შესუსტება უნდოდათ. 

ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ მანდატებზე, რასაც დეპუტატები არ დაემორჩილნენ

2017 წლის 20 იანვარს ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე, ენმ-მ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელიც გულისხმობდა, რომ პარტია თავმჯდომარის პოსტს ვაკანტურად დატოვებდა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდებოდა. 

კომენტარები