ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნიკა მელია: გამიხარდება, თუ ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება

ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას თქმით, მას გაუხარდება, თუ პარტიის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი იქნება. 

ამ დრომდე რამდენიმე მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენდა, თუმცა, ტაბულას წყაროს ინფორმაციით, ზუგდიდის მერობის სურვილი სანდრა რულოვსმაც გამოთქვა და პოლიტსაბჭოს უმრავლესობაც სწორედ მას მიემხრო. 

ნიკა მელიამ ეს ჟურნალისტებს სწორედ ამ საკითხის შესახებ დასმული კითხვის პასუხად თქვა, 

"ზუგდიდის მერობა სურს კონკრეტულ ადამიანს და პოლიტსაბჭოზე ამ საკითხს წამოჭრის - ასე არ ვირჩევთ კანდიდატს. ვინც იქნება მომგები კონკრეტულ მოცემულობაში, ექნება მაღალი შანსები, რეიტინგს ვგულისხმობ, იქნება ჩვენი და იმედი მაქვს, გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატი ქალაქ ზუგდიდში, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში. 

გამიხარდება, თუ სანდრა რულოვსი იქნება ზუგდიდის მერობის კანდიდატი, დიდი სიამოვნებით შევეგებები. სურვილიც მქონდა, რომ თანხმობა განეცხადებინა, ჯერ არ აქვს გაცხადებული. ვფიქრობ, რომ სანდრა რულოვსის კანდიდატურის შემთხვევაში მე, როგორც მოქმედ დეპუტატს, კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია საერთო საქმისთვის" - თქვა ნიკა მელიამ. 

იქნება თუ არა სანდრა რულოვსი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ზუგდიდში, სავარაუდოდ, პარტიის 24 მარტის პოლიტსაბჭოს ყრილობაზე გახდება ცნობილი. 

ნიკა მელია 2016 წელს სანდრა რულოვსს აკრიტიკებდა, მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მაშინ მელიამ რულოვსის საქციელს "ულამაზო" და "მიუღებელი" უწოდა. 

შუალედური არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, მარნეულში, ხულოსა და ზესტაფონში ჩატარდება. 

ცესკოს შუალედური არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია. 

კომენტარები