საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა საბავშვო დაწესებულებებთან აზარტული თამაშის რეკლამის აკრძალვის კანონი ჩააგდო

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

საქართველოს პარლამენტმა რეკლამის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ჩააგდო. მისი ერთ-ერთი ავტორი და ინიციატორი უმრავლესობის უკვე ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილია.

კანონპროექტი ითვალისწინებდა აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვას რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, გარდა სპორტულ ეკიპირებაზე გამოსახვისა. გარდა ამისა, ცვლილებები კრძალავდა გარე რეკლამა ჩამოთვლილი დაწესებულებებიდან 200 მეტრის რადიუსში.

კანონპროექტი ასევე კრძალავდა აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, ბეჭდური მედიის და კომუნიკაციის სხვა საშუალებებითაც, გარდა სპორტული პროგრამის და რეპორტაჟის სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში კი დასაშვები უნდა ყოფილიყო მხოლოდ აზარტული ან მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელება ან ლოგოს გავრცელება.

კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ კანონპროექტის პათოსს ეთანხმება, თუმცა უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, რადგან ეთანხმებიან არა 200 მეტრის რადიუსში აკრძალვას, არამედ შეზღუდვას.

"ჩვენ ამაზე გვქონდა მსჯელობა, გარკვეულ კონსენსუსზეც არის საუბარი. მაგრამ მე მიმაჩნია და კოლეგები ვიცი, მეთანხმებიან იმაში, რომ ის, რომ 200 მეტრის რადიუსში უნდა აიკრძალოს რეკლამა, პრინციპული საკითხია და არა მეორე მოსმენის დროს მისაღები საკითხი, ანუ ჩვენ ვკრძალავთ თუ ვზღუდავთ. ამის გამო ჩვენ ამ ეტაპზე მხარს ვერ ვუჭერთ. თუმცა, აქვე მინდა დავაფიქსირო, რომ პათოსს ვეთანხმები, შეიძლება იყოს ახლად დაინიცირებული და ამ შემთხვევაში დავუჭიროთ შემდეგ მხარი. ამ შემთხვევაში არ ვუჭერთ მხარს", - თქვა მდინარაძემ.

​ცვლილებების ინიციატორი, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ მდინარაძის ეს განცხადება იყო კანონპროექტისთვის მხარის არ დაჭერის შესახებ დირექტივა უმრავლესობის სხვა წევრების მიმართ. მისი თქმით, თუ ქართული ოცნება იდეას პრინციპულად ეთანხმება, კორექტირება შესაძლებელია მეორე მოსმენაზე მოხდეს.

"მე ვაღიარებ, ეს სულისკვეთება არის ქართულ ოცნებაში, ეს არ არის ჩემი კანონპროექტი, ნუ უყურებთ ჩემს კუთვნილებად. იგივეა, ბიძინა გეგიძის კანონპროექტი რომ ჩააგდეთ და კუჭავამ რომ შემოიტანოს, მხარს უჭერთ, ეს ლოგიკური არ არის. მე კი არ დამიჭიროთ მხარი, ხალხის ინტერესს დაუჭირეთ მხარი. საერთოდ არ მინდა რა, თქვენ დაირქვით ეს კანონპროექტი თქვენს მიღებულად, არ ვახსენებ საერთოდ ჩემს სახელს, ოღონდ ხალხისთვის ეს ამბავი გააკეთეთ", - თქვა გოგიჩაიშვილმა.

საპასუხოდ მას მამუკა მდინარაძემ უთხრა, რომ ხელახლა შეიტანოს კანონპროექტი პარლამენტში იმ დათქმით, რაზეც შეთანხმება მიღწეულია და მხარს დაუჭერენ.

"არ არის მეორე მოსმენის საკითხი აკრძალვას ეხება თუ შეზღუდვას. თუ გინდოდათ ამის გაკეთება, თავის დროზე გაგეკეთებინათ", - აღნიშნა დეპუტატმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან გოგიჩაიშვილი თავდაპირველად კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა 200-მეტრიანი რადიუსის შეცვლას და ახლა აღმოჩნდა, რომ არ არის წინააღმდეგი. ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

"ჯერ კიდევ 6 თვის წინ განიხილებოდა ეს საკითხი, შესატანი იყო კენჭსაყრელ საკითხებში. მაშინ იყო შეთავაზება ბატონი ლევანის მიმართ, რომ შეცვლილიყო რადიუსი და განსაზღვრულიყო 100-მეტრიანი რადიუსი. კატეგორიული უარი თქვა ამაზე ბატონმა ლევანმა და ამის გამო შეჩერდა კენჭისყრა. მაშინ იყო კატეგორიულად წინააღმდეგი, ახლა აღმოჩნდა, რომ აღარ არის კატეგორიულად წინააღმდეგი, მაგრამ ეს არის პოლიტიკური პროცესი. თუ ყველა თანახმაა, რომ ჩატარდეს კენჭისყრა, ჩავატაროთ კენჭისყრა, ჩავარდება კანონი და მზაობა არის, რომ ანალოგიური შინაარსით, ოღონდ მცირე კორექტივებით დაინიცირდეს იგივე. პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მარტივად არის საქმე", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამის საპასუხოდ, ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ ეს სიტყვებით მანიპულაციაა და სამი თვეა ეჭიდავება გარკვეულ ჯგუფს ამ კანონპროექტის გასვლაზე.

"ეს არის სიტყვებით მანიპულაცია. მე მინდა ამ კანონპროექტის გასვლა. სამი თვეა ვეჭიდავები გარკვეულ ჯგუფს. ვისაც ვეჭიდავები, მაგას თუ გინდათ ჩააგდეთ და ეთიკის კომისიაზე გეტყვით ყველაფერს. 4 კომიტეტი აქვს გავლილი, აქ საუბრები და აზრით მანიპულაცია, რომ ვიღაცა რაღაცას... დააყენეთ კენჭისყრაზე და გამოჩნდება ვინ რას უჭერს მხარს. თავის სახელების დარქმევა მერე ნახეთ როგორ მოხდება, ამ კენჭისყრის მერე", - თქვა დეპუტატმა.

უმრავლესობის ნაწილი კენჭისყრის საერთოდ გადადებას ითხოვდა, თუმცა, საბოლოოდ, კანონპროექტს კენჭი ეყარა და 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო.

რეკლამის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების ინიციატორები ლევან გოგიჩაიშვილთან ერთად, უმრავლესობის მოქმედი წევრებიც არიან. მათ შორის, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ცოტნე ზურაბიანი, ბიძინა გეგიძე, ირაკლი აბუსერიძე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები