სუდანი

ბაშირის გადაყენების შემდეგ სუდანელები სამხედრო მმართველობის სამოქალაქოთი შეცვლას ითხოვენ

REUTERS

მას შემდეგ, რაც სამხედრო ძალებმა 30 წლიანი მმართველობის შემდეგ პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირს გადადგომა აიძულეს, მომიტინგეები ითხოვენ, რომ ქვეყანაში სამოქალაქო მმართველობა დამყარდეს.

ბაშირის გადაყენების შემდეგ ის სამხედრო საბჭომ ჩაანაცვლა, რომელსაც სურს, რომ ქვეყანა ორი წლით მართოს. სამხედრო ძალებს თავდაცვის მინისტრი ავად იბნ აუფი ხელმძღვანელობდა.

მომიტინგეები არ დაიშალნენ, რადგან იბნ აუფი ბაშირის მოკავშირე იყო და მსგავსი ლიდერი არ სურდათ.

პოსტზე ერთდღიანი ყოფნის შემდეგ, 12 აპრილს იბნ აუფმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა და მას სამხედროთაგან ნაკლებად საკამათო ფიგურა აბდელრაჰმან ბურჰანი ჩაანაცვლებდა. ეს ნაბიჯი მომიტინგეებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მომიტინგეებს მიაჩნიათ, რომ ყოველივე იმ ლიდერთა თვითნებური გადაწყვეტილებაა, რომლებიც ხალხს არ წარმოადგენენ.

„ჩვენ შეიარაღებულ ძალებს მოვუწოდებთ, რომ მმართველობა სამოქალაქო მთავრობას გადააბარონ,” - განაცხადა სუდანის პროფკავშირმა, რომელიც მომიტინგეებს უძღვება. ისინი მოქალაქეებს ქუჩაში დარჩენისკენ მოუწოდებენ.

13 აპრილს აბდელრაჰმანმა განაცხადა, რომ კომენდანტის საათს შეაჩერებდნენ, დაკავებულ მომიტინგეებს გამოუშვებდნენ და ყველა პროვინციულ მთავრობას დაითხოვდნენ, სამხედროები კი "მშვიდობას, წესრიგსა და უსაფრთხოებას" შეინარჩუნებდნენ.

11 აპრილის შემდეგ აქციების მიმდინარეობისას სუდანის დედაქალაქ ხარტუმში, სულ მცირე, 16 ადამიანი მოკლეს.

შეგახსენებთ, რომ 11 აპრილს სუდანის პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირს ოცდაათწლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ სამხედრო ძალებმა გადადგომა აიძულეს.

2008 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბრალდებით ის მონაწილეობდა 2003 წელს სუდანის დარფურის რეგიონის გენოციდში, რამაც 300 000 ადამიანს სიცოცხლე იმსხვერპლა.

1993 წლიდან აშშ-მ ბაშირის მთავრობა ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოთა რიცხვში შეიყვანა და მოგვიანებით სანქციებიც დაუწესა.  

მთავრობის საწინააღმდეგო აქციები გასულ კვირას დაიწყო. ვითარება დაიძაბა 9 აპრილს, როდესაც სადაზვერვოსა და უსაფრთხოების წარმომადგენლები აქციის დაშლას ცდილობდნენ, ჯარისკაცები კი მომიტინგეებს იცავდნენ.

 

კომენტარები