სუდანი

სუდანის დედაქალაქში საჰაერო იერიშს 17 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვი ემსხვერპლა

ხართუმი საჰაერო იერიშის შემდეგ, 2023 წლის 1-ელი მაისი.
 REUTERS/Mohamed Nureldin Abdallah

მედიატორების მიერ სუდანში დაპირისპირებული მხარეების ახალ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე დაყოლიების მცდელობების პარალელურად, ქვეყნის დედაქალაქში, ხართუმში საჰაერო იერიშს 17 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი ემსხვერპლა.

სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები უკვე მესამე თვეა რაც გრძელდება. ამ დრომდე ვერცერთმა მხარემ შეძლო ხელშესახები უპირატესობის მოპოვება. სამოქალაქო ომის შედეგად საცხოვრებელი ადგილის დატოვება 2.2 მილიონ სუდანელს მოუწია, დაღუპულია ასობით ადამიანი.

სუდანის არმიას საჰაერო ძალების უპირატესობა აქვს დედაქალაქ ხართუმსა და მის მეზობლად მყოფ ქალაქებში, ომდურმანსა და ბაჰრიში, RSF-ის ძალები ამ ქალაქების რაიონებში არიან გამაგრებული. პარასკევიდან დაწყებული არმიამ მოუმატა საჰაერო იერიშების რიცხვს. მათ დარტყმები მიიტანეს რაიონებში, სადაც საცხოვრებელი სახლებია.

პარასკევს არმიის გენერალმა, იასირ ალ-ატტამ ხალხი გააფრთხილა, რომ RSF-ის მიერ დაკავებულ სახლებს მოშორებოდნენ, რადგან თავს დაესხმებოდნენ.

13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს.

კომენტარები