სუდანი

სუდანი სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის ზღვარზეა – გაეროს გენერალური მდივანი

სამხედრო საბჭოს უფროსის მოადგილე და გასამხედროებული ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალების (RSF) ხელმძღვანელი
REUTERS/Umit Bektash/File Photo

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებების ფონზე, გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეში აღნიშნავს, რომ სუდანი "სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის" ზღვარზეა.  

გაეროს მდივნის პრესსპიკერის თქმით, გუტერეში "ღრმად შეშფოთებულია იმის გამო, რომ შეიარაღებულ ძალებს შორის მიმდინარე ომმა სუდანი სრულმასშტაბიანი სამოქალაქო ომის ზღვრამდე მიიყვანა, რაც დესტაბილიზაციას პოტენციურად მთელ რეგიონში გამოიწვევს".

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ჰაიტჰამ მუჰამედ იბრაჰიმის განმარტებით, შეტაკებებს 3 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6 000-ზე მეტი კი დაიჭრა. 

გაეროს მონაცემებით, დაპირისპირების გამო 2.9 მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი სახლის იძულებით დატოვება მოუწია.

განვითარების მთავრობათაშორისი ორგანოს (IGAD) წევრი ქვეყნების, ეთიოპიის, კენიის, სომალისა და სამხრეთ სუდანის ლიდერები, რომლებიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის მედიაციაში არიან ჩართულნი, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებაში დღეს, 10 ივლისს შეხვდებიან. 

შეხვედრაზე სუდანის არმიის მეთაური, გენერალი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანი და RSF-ის მეთაური, გენერალი მოჰამედ ჰამდან დაგლო არიან მიწვეულნი. თუმცა, ამ დრომდე შეხვედრაზე დასწრების შესახებ კომენტარი არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. 

სუდანის არმიასა და გასამხედროებულ ორგანიზაცია სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები უკვე მესამე თვეა რაც გრძელდება. ამ დრომდე ვერცერთმა მხარემ შეძლო ხელშესახები უპირატესობის მოპოვება. 

13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ ახალ სამოქალაქო მთავრობაში ერთიანი არმიის ხელმძღვანელობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის მზად იყო. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც ეროვნულ არმიაში RSF-ს ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა. ამ წინადადებას კი აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით სუდანის არმია არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ერთიანი არმიის შექმნა არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მომხდარიყო. 

სამხედრო მმართველობის სამოქალაქოთი ჩანაცვლების მიზნით დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.

კომენტარები