სუდანი

უკრაინის ცნობით, მათ მიერ სუდანიდან ევაკუირებულებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით სუდანის დედაქალაქში წარმატებული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა. ხართუმიდან საქართველოს, პერუსა და უკრაინის მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტის ზონიდან ჯამში 138 მოქალაქის განრიდება მოხდა. მათგან 12 ბავშვია. 

"მიმდინარე ბრძოლების პარალელურად, საჭმლის, წყლის და აღჭურვილობის სიმცირის ფონზე, შეიარაღებული კონფლიქტის ზონიდან ევაკუირებულია უკრაინის 87 მოქალაქე, ძირითადად საავიაციო სპეციალისტები - პილოტები, ტექნიკოსები და მათი ოჯახის წევრები. ასევე, ევაკუირებულია საქართველოს და პერუს მოქალაქეები. მთლიანობაში 138 მოქალაქე, მათ შორის 25 ქალი და 12 ბავშვი“.- აღნიშნულია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, ამჟამად ყველა ევაკუირებული ეგვიპტეშია და უსაფრთხოდ იმყოფება. ისინი უზრუნველყოფილები არიან საჭირო სამედიცინო დახმარებით, საკვებითა და წყლით. 

25 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების სუდანიდან ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სუდანის დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში გადაიყვანეს.

სუდანში საქართველოს 35-მდე მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის, ავიაკომპანიების, MyWay Airlines-ისა და Geo Sky-ის თანამშრომლები.

სუდანის დედაქალაქ ხართუმში არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის შეტაკებები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც სუდანის დედაქალაქ ხართუმში 15 აპრილს შეტაკებები დაიწყო, მოვლენებს, სულ მცირე, 97 მშვიდობიანი პირი ემსხვერპლა, კიდევ 365 კი დაშავდა. გასამხედროებულ ძალებსა და არმიას შორის მას შემდეგ გამწვავდა, რაც ორმა მხარემ ქვეყნის სამოქალაქო მმართველობაზე გადასვლასთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა ვერ მოახერხა. 

BBC წერს, რომ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის შეტაკების შემდეგ სუდანის დედაქალაქის თავზე სამხედრო თვითმფრინავები შენიშნეს. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ისინი სუდანის საჰაერო ძალებს ეკუთვნიან და ამასთან, სწრაფი რეაგირების ძალებთან (RSF) დაკავშირებულ სამიზნეებზე იერიში მიიტანეს. 

RSF-ის მტკიცებით, მათ კონტროლი პრეზიდენტის სასახლეზე, არმიის მეთაურის რეზიდენციასა და ხართუმის საერთაშორისო აეროპორტზე დაამყარეს, რასაც სუდანის არმია უარყოფს. მანამდე RSF-მ აღნიშნა, რომ არმია ხართუმის სამხრეთით მდებარე მის ერთ-ერთ ბანაკს თავს დაესხა, ხოლო არმიის თქმით, RSF-ის მებრძოლები მათი სამხედრო შტაბის დაკავებას ცდილობდნენ. 

ხუთშაბათს, 13 აპრილს RSF-მა თავისი ძალები სამხედრო ბაზის მახლობლად, ჩრდილოეთ ქალაქ მეროვეში განათავსა. პარალელურად, გენერალმა, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა გადაჭრას დავა იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს ერთიან არმიას სამოქალაქო მთავრობაში. ერთიანი არმიის შექმნის გადადების წინადადებით, რომელიც RSF-ს ეროვნულ არმიაში ინკორპორირებას გულისხმობს, თავდაპირველად RSF გამოვიდა, რასაც სუდანის არმია, აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანის ხელმძღვანელობით არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს არა 10 წლის, არამედ 2 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

დასავლურმა ძალებმა და რეგიონის ლიდერებმა ორ მხარეს დეესკალაციისა და მოლაპარაკებების მაგიდაზე დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რათა ქვეყანაში სამხედრო მმართველობა სამოქალაქომ მშვიდობიანად ჩაანაცვლოს. 

კომენტარები