მიხეილ სააკაშვილი

ვოლსკი: სააკაშვილი ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის

ტაბულა

კურსი, რომელსაც საქართველოში ატარებდა სააკაშვილის ხელისუფლება, იყო მიმართული პირადი დიქტატორული მმართველობის სისტემის გაძლიერებაზე და ამასთანავე, მნიშვნელოვანწილად შეესაბამებოდა რუსეთის ინტერესებს - ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამბობს. 

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გახდა, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებმა ქვეყნის პარტნიორებთან შეთანხმებული სტრატეგია დააიგნორა, რითაც რუსეთს ოკუპაციის შესაძლებლობა მისცა.  

"მინდა ყურადღება გავამახვილო ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ახლა უკვე დაუფარავ გზავნილზე მისი პოლიტიკური ხედვის შესახებ, რომელიც მან წარმოადგინა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ვარშავაში უკრაინულ დიასპორასთან შეხვედრის დროს. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, იგი ფაქტიურად ტოლობის ნიშანს სვამს ოკუპანტი რუსეთის და დასავლეთის მიდგომებს შორის, როგორც უკრაინის, ასევე საქართველოსთან მიმართებაში.

შექმნილ რთულ ვითარებაში, როდესაც უკრაინისათვის საერთაშორისო თანადგომა, ისევე როგორც საქართველოსათვის, გადამწყვეტი პირობაა, სააკაშვილი მიუთითებს, რომ განვითარებული უკრაინა და განვითარებული საქართველო არავის სჭირდება "კოლონიალური პოლიტიკის" გამტარებელ ევროკავშირში",- ამბობს ვოლსკი. 

მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებაში სააკაშვილისგან მოსმენილი ფორმულირებები ერთგვარი პასუხია იმ პროცესების საყოველთაო პოზიტიურ შეფასებაზე, რომელიც მიმდინარეობს პარტნიორ ქვეყნებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ფორმატში პოლიტიკური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით.

"დასაშვებია, რომ ეს გამოხტომა მავანმა დასავლეთისგან უარყოფილი რევოლუციონერი პოლიტიკოსის არაადეკვატურობის მორიგ გამოხატულებად მიიჩნიოს, თუმცა, თუკი ყურადღებით გავაანალიზოთ ნაციონალური მოძრაობის და მის გარშემო გაერთიანებული სატელიტური პოლიტიკოსების და ნაკლებად პარტიების ბოლოდროინდელ ქმედებებს, მათი საპრეზიდენტო კანდიდატის და ახლა უკვე თავმჯდომარის მონაცემებს, ცილისმწამებლურ განცხადებებს, ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის დაუოკებელ მცდელობებს, დასკვნებიც სხვა შინაარსის იქნება",- აღნიშნა მან. 

ვოლსკის თქმით, იმედია ვითარებაში უფრო ფართოდ გარკვევის სურვილს საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მედიასაშუალებები გამოხატავენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უკრაინელებთან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ დასავლეთს კოლონიალური მიდგომები აქვს და ძალიან წარმატებული უკრაინა და საქართველო არ სჭირდება.

კომენტარები