სასამართლო სისტემა

ბესელიასთვის მიუღებელია, რომ მის კანონპროექტს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე არ განიხილავენ

პარლამენტი

ეკა ბესელიასთვის მიუღებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ მისი კანონპროექტი არ განიხილება - დღის წესრიგში ჩასმული არ არის. 

ბესელიას თქმით, ეს კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა 1 კვირის წინ განიხილა და კომიტეტი ვალდებული იყო, დასკვნა და შესაბამისი მასალები საორგანიზაციო დეპარტამენტში გადაეგზავნა. ამასთან, მისი თქმით, პლენარული სხდომის დღის წესრიგში ჩასმულია ამავე საკითხთან დაკავშირებული უმრავლესობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც იურიდიულმა კომიტეტმა გუშინ განიხილა.

„დღის წესრიგში ვერ ვხედავ იმ კანონპროექტს, რომელიც იურიდიულმა კომიტეტმა ერთი კვირის წინ განიხილა. ეს არის "საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები. დასრულდა განხილვა, კომიტეტმა მას მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დასკვნა და კანონპროექტი მასალებთან ერთად, საორგანიზაციო დეპარტამენტში უნდა გადაგზავნილიყო იმისთვის, რომ დღის წესრიგში იყოს. მაშინ, როდესაც ვხედავ ჩასმულია უკვე ის კანონპროექტი, რომელიც გუშინ ნაჩქარევად, ასე უპატივცემულოდ, საზოგადოების განწყობების ასე ფეხქვეშ გათელვის ხარჯზე კომიტეტმა განიხილა. ეს კანონპროექტი არის დღის წესრიგში ჩასმული. მე მაინტერესებს, რატომ იქცევა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ასე, რატომ არღვევს ამ წესს და რატომ არ არის ჩვენი კანონპროექტი დღის წესრიგში?“ - თქვა ეკა ბესელიამ.

სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა თქვა, რომ ჩატარდება ბიუროს სხდომა და ბესელიას კანონპროექტი დღის წესრიგში დაემატება. 

დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილება იმავე საკითხზე ირაკლი კობახიძის კანონპროექტი, რომელიც გუშინ განიხილეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. 

უმრავლესობას ასევე სურს, ეს საკანონმდებლო ცვლილებები მეორე მოსმენით დღეს მიიღოს, ვენეციის კომისიის დასკვნა ამ ცვლილებებზე ასევე დღეს გასაჯაროვდება. 

მოსამართლეების არჩევის წესზე ბესელიას კანონპროექტს მხარი იურიდიულმა კომიტეტმა გასულ კვირას არ დაუჭირა. 

მასში ირაკლი კობახიძის კანონპროექტის ალტერნატიულია და საკვანძო საკითხებზე განსხვავებული ვარიანტებია წარმოდგენილი:

ბესელიას კანონპროექტით, მოსამართლის ვაკანტური ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა ყველა იურისტს შეუძლია, კობახიძის კანონპროექტით ამ მხრივ შეზღუდვებია. 

ასევე, ბესელიას კანონპროექტით, უზენაეს სასმართლოში უვადოდ დასანიშნმოსამართლეებს გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ. გამოცდა კობახიძის კანონპროექტით გათვალისწინებულია. არასამთავრობოების შეფასებით, "გამოცდის ჩამტარებელი არის საბჭო, კანდიდატებს 21 დღეს აძლევენ მოსამზადებლად, რაც, უბრალოდ სასაცილოა. ეს ყოველივე ერთობლიობაში მიუთითებს იმაზე, რომ ეს გამოცდა არის იმისთვის, რომ არასასურველი კანდიდატები მოიშორონ".

ასევე, ბესელიას კანონპროექტით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ან იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, რომლის უფლებამოსილების შეწყვეტიდან გასულია არაუმეტეს 1 წლისა. კობახიძის კანონპროექტში ეს შეზღუდვა არ არის. 

კობახიძის კანონპროექტით, მოსამართლის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას საბჭოს 2/3-ის უმრავლესობით. 

ბესელიას კანონპროექტით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს უზენაესი სასამართლოს სულ ცოტა სამი მოსამართლის მიერ მხარდაჭერილ ან საბჭოს წევრის მიერ დასახელებულ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ნომინირებისსაკითხს და გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს მოსამართლე წევრთა 2/3-ის და არამოსამართლე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით

ბესელიას კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული ის, რაც წერია კობახიძის კანონპროექტში - ფარდობითი კენჭისყრა, როცა, ვთქვათ, შესული 100 განაცხადიდან უნდა გადაირჩეს 45. ამას აქვს ფორმულა, რომ გრძელ სიაში (Long list) უნდა მოხვდეს წარსადგენი ვაკანსიების 2,5-ჯერ მეტი რაოდენობა. ამ 45 ადამიანის შესარჩევად საბჭო შეიკრიბება და არავინ იცის, რის საფუძველზე, ჩაატარებს კენჭისყრას - რის საფუძველზე ამჯობინებენ ერთ კანდიდატს მეორეს, იმიტომ რომ მათ არც მოუსმენენ". 

კომენტარები