სასამართლო სისტემა

მართლმსაჯულების IV ტალღაზე მუშაობა დასრულდა

Freedom

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკითხებთან დაკავშირებით შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. 

შემაჯამებელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ  დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების სამივე შტოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმ რამდენიმე საკითხზე იმსჯელეს, რომელიც ამ დრომდე შესაჯერებელი იყო - დისციპლინური წარმოების, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, კერძოდ: 

  • დაწესდა მოსამართლის დანიშვნის გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, რაც აქამდე არ იყო გაწერილი კანონში.
  • დადგინდა სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნამდე, შესაბამის სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციების გავლის ვალდებულება
  • მოსამართლეების დანიშვნისას გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება.

კობახიძისვე თქმით:

"მოწესრიგდა საბჭოს სხდომების საჯაროობის საკითხი და გვაქვს მნიშვნელოვანი რეგულაციები ამ მიმართულებით. ასევე, მკაფიოდ მოწესრიგდა საბჭოს გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილებების პროექტების გამოქვეყნების წესი, მათ შორის ვადები.

დადგინდა გარკვეული რეგულაციები საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით: სამივე ინსტანციიდან აირჩევა საბჭოს თითო წევრი მაინც, ეს არის ახალი რეგულაცია, ინსტანციურობის პრინციპი არის დაცული.

ასევე, ინტერესთა კონფლიქტის წესები გავრცელდება უფრო ფართო წრეზე, არამარტო საბჭოს წევრების მიმართ არამედ ასევე მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ასევე გაიმიჯნა საბჭოს ინდივიდუალურ და ნორმატიული აქტები". 

პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ეს ცვლილებები მიიღება კონსენსუსის საფუძველზე.  

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის რაც ჩანდა შეუძლებელი პროცესის დასაწყისში, დაახლოებით ერთი წლის წინ, აღმოჩნდა რომ ყოფილა შესაძლებელი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო სამუშაო ჯგუფის თითოეულ წევრს". 

საკანონმდებლო ცვლილების განხილვა პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ბოლოს დაიწყება. 

კომენტარები