საბანკო რეგულაციები

ფინანსთა მინისტრი: იმედი მაქვს, საბანკო რეგულაციები შერბილდება

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება. ამის შესახებ მაჭავარიანმა რუსთავი 2-ის გადაცემაში "ფორბსის კვირა" განაცხადა.

"იმედი მაქვს, რომ რეგულაციების შერბილება იქნება. თქვენ იცით, რომ დასაწყისშივე, ამ რეგულაციების მაინცდამაინც მხურვალე მხარდამჭერი არ ვიყავი. აქვე უნდა გაესვას ხაზი, რომ ეროვნული ბანკი არის დაკომპლექტებულია უმაღლესი ხარისხის პროფესიონალებით და ის მოტივაცია, თუ რატომაც გააკეთეს, არის ის, რომ ქართული ფინანსური სისტემა იყოს უფრო დაცული.

გეტყვით, რა სხვაობაა ჩვენს ხედვებს შორის: ჩემი აზრით, ამ რეგულაციებით სებ-მა ქართულ ფინანსურ სისტემას დაადო ჯავშანი, იმგვარი ჯავშანი, რომლის ადეკვატური კალიბრის ყუმბარები აქ არ ცვივა, შესაბამისად - ზედმეტი დაცულობა და დიდი ჯავშანი. უბრალოდ, ეს უფრო ხარჯიანია და უფრო მძიმე სატარებელია, არ არის პროპორციული იმ რისკების, რაც შეიძლება მოხდეს. რასაკვირველია, პრაქტიკულად, სამომავლო რისკებს ანულებს, მაგრამ მაგის ფასს ვიხდით იმაში, რომ ეს არის ცოტა უფრო მძიმე სატარებელი“ - თქვა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ შემოღებული საბანკო რეგულაციები ეკონომიკურ ზრდას აფერხებენ. კალაძე განსაკუთრებით სამშენებლო სექტორის შემცირებაზე ამახვილებს ყურადღებას.

"ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას, ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას, ამ სექტორს. მხედველობაში მაქვს დეველოპერები, მხედველობაში მაქვს სამშენებლო სექტორი. შესაბამისად, ცვლილებების განხორციელება ალბათ აუცილებლად მოგვიწევს." - თქვა დედაქალაქის მერმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ მთავრობა თავისივე შემოღებულ რეგულაციებს გადახედავს:

"დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში [საბანკო რეგულაციები] შეიცვლება, იმიტომ, რომ ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა, აშკარაა, სტატისტიკაც აჩვენებს, რომ პრობლემა არის ამ მიმართულებით."

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯები მდგრადი ზრდისათვის აუცილებელია. ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კი, მაშინ ამბობდა, რომ მთავრობა რეგულაციების გადახედვის საჭიროებას ვერ ხედავს.

სესხების გაცემაზე რეგულაციებმა ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა - წაიკითხეთ ვრცლად.

კომენტარები