ლგბტ კვირეული

ლევან ვასაძის და სიძულვილის ჯგუფების ყველა მუქარა "ნამდვილი კაცების" შეკრებიდან

ლევან ვასაძე
ტაბულა

16 ივნისს ვერის პარკში ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით "ნამდვილი კაცები" იმისთვის შეიკრიბნენ, რომ სიძულვილის ჯგუფებს ერთად დაეგეგმათ, თუ რა ფორმით ჩაშლიან 18-23 ივნისს დაგეგმილ თბილისი პრაიდს.

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, თბილისი პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს შექმნიან. 

"რაზმები იქნება მარტივი და იერარქიული. გვეყოლება ათეულები ათისთავებით, ათეულები შეიკრიბება ასეულებად ასისთავებით, ათი ასეული შეადგენს ათასეულს და იქნება ლეგიონი. ჩვენი მუშაობის ფორმა, სტილი და სახე იქნება მშვიდი, წყარი და აუღელვებელი" - ამბობს ვასაძე და აღნიშნავს, რომ "სახალხო რაზმები" ერთი კვირის განმავლობაში იმუშავებენ თბილისში.

"გაინაწილებენ ქალაქს, იქნება ქალაქის პატრულირება მშვიდად, წყნარად, არავითარი იარაღი ჩვენ არ გვექნება, გარდა ერთისა - ჩვენ მათ შევუკრავთ ხელებს ქამრებით და მივაბრძანებთ იმ ადგილიდან, სადაც ისინი იქნებიან. თუ ქალაჩუნა კაცი შეგაგინებთ, ჩამოგფხოჭნით, ნუ დაარტყამთ მას ხელს, ძალიან თუ გაგაბრაზათ, ყური აუწიეთ და ამყოფინეთ" - ამბობს ვასაძე. მისი თქმით, "უცხოელ ელჩსაც" შეუკრავენ ხელებს "თავისი დაცვიანად" და მიიყვანენ საელჩოში.

სიძულვილის ჯგუფის ორგანიზატორი პოლიციასაც დაემუქრა. მისი თქმით, სამართალდამცველები ვეღარ შეძლებენ მათი წევრების დაკავებას.

"რაც ქენით კანცელარიასთან, არ გამოგივათ, არც ერთ ჩვენიანს არ გაგატანთ, დააკავებთ ერთს? ათეული გამოესარჩლება მას, არ ეყოფა ათეული? ასეული გამოესარჩლება, არ ეყოფა ასეული? ათასეული გამოესარჩლება. თუ სასწაული მოხდა და ამ ჩვენს ლომივით მეომრებს, მოჭიდავეებს, მორაგბეებს მაინც გამოსტაცეთ ერთი ჩვენიანი, თქვენს დააბრალეთ, სადაც წაიყვანთ, რომელ პოლიციის განყოფილებაშიც, იქ მოვალთ, იმ კორდონს გავარღვევთ და იქიდან გამოვიყვანთ ჩვენს ლომს" - თქვა ვასაძემ და აღნიშნა, რომ წინააღმდეგობის შემთხვევაში, პოლიციას "კომბლების რევოლუციას" მოუწყობენ.

"აქ არის უამრავი სამხედრო გამოცდილების მქონე პირი, უამრავი სასახელო სპორტსმენი, მორაგბეები, მოჭიდავეები, მთელ მსოფლიოში მათ ვერავინ ვერ აჩერებთ, როცა უნდათ რაიმე კორდონის გარღვევა. თუ ეცდებიან რაიმე სახის აქციის ჩატარებას, ნებისმიერ კორდონს, რომელსაც ჩვენი პოლიცია დაგვიყენებს, და იმედია ეყოფათ ჭკუა, რომ ეს არ გააკეთონ, აუცილებლად გავარღვევთ. ერთადერთი გზა, როგორც შეგეძლებათ გაგვაჩეროთ, არის ტყვია და გთხოვთ მე, მესროლეთ ის პირველი ტყვია.

მინდა გავაფრთხილო პოლიციელები, არაფერი შეგეშალოთ, კორდონების გარღვევუსას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს, მაგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პასუხს. არ მოვალთ იქ იარაღით, მოვალთ შიშველი იარაღით, ამ ქამრებით, ამის გარდა ჩვენ გვექნება კომბლები. ბევრს ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც უნდა მქონდეს ამ დროს? კომბლე გამახსენდა, კომბლე ჯიგარია, იმიტომ, რომ არაფერი არ უნდა, არც პოლიტიკაში ჩარევა, არც დიდება, არც ფული, სხვენში უდევს ის კომბალი რა, მაგრამ როცა მგელი უმანკო კრავს დაესხმევა თავს, ის ჩამოიღებს კომბალს, გააფრთხობინებს მგელს სულს და გამოაშვებინებს იმ კრავს, ამიტომ თუ ისინი შეგვდგებიან, ჩვენ თავს არ გაგალახინებინებთ, ეს გამორიცხულია, თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ამითაც გძლევთ, ამით მოვალ" - თქვა ვასაძემ და დიდი ხის ჯვარი დაანახა შეკრებილებს.

"თუ კორდონის გარღვევისას დაგვიწყებენ ცემა-ტყეპას ადამიანები, რომლებმაც უარი თქვეს წესრიგის დაცვაზე, იმიტომ, რომ წესრიგი არის წესი და რიგი და არა უზნეობის ზეიმი, ეს არის კავკასიური ადათების წესი" - თქვა ვასაძემ და აღნიშნა, რომ "კომბალი არ არის ცივი იარაღი".

"ქამარში ჩავიდებთ თითო კომბალს და თუ შეგვდგებიან, დავუბრუნებთ კომბალს" - ამბობს სიძულვილის ჯგუფების ორგანიზატორი.

ლევან ვასაძის გარდა, ძალადობრივი მოწოდებები პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმაც გააკეთა. ემზარ კვიციანის თქმით, "კონსტიტუცია აჯანყებასაც ითვალისწინებს, ცოტა ჭკვიანად იყვნენ, ხალხი არ აჯანყდეს". ასევე, დეპუტატმა აღნიშნა, რომ "როდესაც სამშობლოს სჭირდება, კვერცხებს კი არ ისვრიან, ხმლებს იქნევენ, ამიტომ ჭკვიანად იყვნენ ის ადამიანები, ვისაც კვერცხები მოხვდა, ხმალი არ მოხვდეთ კისერში".

ანტიკონსტიტუციური განცხადება გააკეთა გურამ ფალავანდიშვილმაც. მან აღნიშნა, რომ "ჩვენ არ ვემორჩილებით კონსტიტუციას, ჩვენ სიბინძურეს არ დავემორჩილებით". ფალავანდიშვილის თქმით, "სახელმწიფოს მაგივრად, ჩვენ გამოვიყენებთ ძალას, რომ აღიკვეთოს უწესრიგობა ქალაქში. არც ერთ ორგანიზაციაში არ ჩავატარებინებთ [პრაიდის ღონისძიებას]".

თბილისი პრაიდის "სახალხო რაზმებში" მოხალისეებად ჩაწერა უკვე დაიწყეს - მასში მონაწილეობისკენ ლევან ვასაძემ სამხედროებს და სპორტსმენებს მოუწოდა.

"არავითარი აგრესია, ბილწსიტყვაობა, გინება, მშვიდად, წყნარად, როგორც ჩვენ გვეკადრება, მივაბრძანოთ იმ ადგილებიდან, სადაც იქნებიან და თავიანთ დროშას გამოფენენ. შენობაში იქნებიან, საკონფერენციო დარბაზში? ამას ყველაფერს შევიტყობთ, ჰქონდათ დაგეგმილი მუზეუმში და გაუუქმეს, ასე იზამს ყველა ნამდვილი მამულიშვილი, არ იზამს და ჩვენ გავაკეთებინებთ მაგ საქმეს" - თქვა ვასაძემ.

მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს უთხრა, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფდა, მოგვიანებით კი, პატრიარქმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაეშვა თბილისი პრაიდის ჩატარება, ლგბტ+ თემმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის სახლის წინ სპონტანური აქცია  დაგეგმეს, სახელწოდებით "სახელმწიფო, სად ხარ?"

14 ივნისს აქციაზე მისულ მშვიდობიან მომიტინგეებს ადგილზე ნეოფაშისტური დაჯგუფებები და სიძულვილის ჯგუფები დახვდათ, რომლებიც მათ ემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციამ მშვიდობიან მომიტინგეებსა და სიძულვილის ჯგუფებს შორის კორდონი გააკეთა. ნეოფაშისტური დაჯგუფებები ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მედიის წარმომადგენლებს, ხოლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს რაგბის ბურთებსა და ბოთლებს ესროდნენ. 

6-საათიანი კორდონის შემდეგ სიძულვილის ჯგუფები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რა დროსაც პოლიციამ მათი 30-მდე წევრი დააკავა. პარალელურად, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა შსს-სგან მოლაპარაკებების გაგრძელების პირობა მიიღეს, რის შემდეგაც პოლიციის კორდონით გარშემორტყმულებმა ტერიტორია დატოვეს. სიძულვილის ჯგუფები და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში რჩებოდა ტერიტორიაზე. 

ლგბტ კვირეული 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

კომენტარები