რუსეთი

რუსეთში გერმანელი სტუდენტი აქციებზე დაწერილი სტატიის გამო დააჯარიმეს და ქვეყნიდან გააძევეს

Facebook

გერმანელი სტუდენტი, რომელიც რუსეთში გაცვლითი პროგრამით სწავლობდა, უნივერსიტეტიდან გარიცხეს და ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს მას შემდეგ, რაც გარემოსდაცვითი პროტესტის შესახებ სტატია დაწერა.

ლუკას ლათსი, რომელიც გერმანიის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტია, რუსეთში სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა. აპრილში მან გერმანული სიახლეების ვებგვერდზე გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ქალაქ ჩელიაბინსკში სპილენძის მოპოვების ახალი საბადოს აშენების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციას ეხებოდა.

მაისში ის პოლიციაში დაკითხეს და 4000 რუბლით ($62) დააჯარიმეს. პოლიციის თქმით, სტატიის გამოქვეყნებით მან სტუდენტური ვიზის პირობები დაარღვია, რომლის მიხედვით, მას რუსეთში მუშაობა არ შეუძლია.

"მე შევეცადე პოლიციისთვის ამეხსნა, რომ მომიტინგეებისგან ინტერვიუს სასწავლო მიზნით ვიღებდი. მე აღმოსავლეთ ევროპისმცოდნეობას ვსწავლობ ბერლინში," – 31 მაისს დაწერა მან Facebook-ზე. ლათსმა მედიას უთხრა, რომ სტატია მისი სამაგისტრო თეზისის ნაწილი იყო.

​მისივე თქმით, 14 ივნისს სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტმა მას შეატყობინა, რომ გარიცხული იყო და ქვეყნის დატოვებისთვის 7 დღე ჰქონდა. ლათსმა ისიც თქვა, რომ ადმინისტრაციას მისი გაძევების მიზეზი არ განუმარტავს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში მედიას მხოლოდ ის უთხრეს, რომ ლათსს ორი ადმინისტაციული პროტოკოლის დარღვევისთვის უშვებდნენ.

​ლათსმა თქვა, რომ პოლიციის ჯარიმას ადამიანის უფლებების ორგანიზაციის სამოქალაქო კონტროლი ადვოკატთან გაასაჩივრებდა.

კომენტარები