ტურიზმი

თურნავა: ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტიც

კომერსანტი

ეკონომიკის მინისტრი ტუროპერატორებს შეხვდა. ნათია თურნავას თქმით, "რასაკვირველია, არსებული გამოწვევების ფონზე კარგად გვესმის ბიზნესის წუხილი, ჩვენ მზად ვართ და აღვუთქვით გვერდში დგომა, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ კრიზისით გამოწვეული პოტენციური ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვადასხვა გეგმაზე. ამასთან, ბიზნესის დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ სხვა ტურისტულ ბაზრებთან და სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერასთან ერთად, შევეცადოთ და შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი ჩვენს ბაზარზე". ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ბიზნესის თხოვნა სრულად გასაგებია, რადგან მათთვის ეს მიმზიდველი და მომგებიანია.

"საქართველოს ტურისტული ბაზარი არის ფართო, ასევე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი. საქართველო არ ირჩევს ტურისტს - ტურისტი ირჩევს საქართველოს. ეს საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარია და არც ერთი მიმართულება არ არის დომინანტი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ქართულ ბაზარზე "ტურიზმი რუსეთიდან წარმოადგენს 25 პროცენტს" და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. 

"ამიტომ გვესმის ბიზნესის თხოვნა, რომ არც ეს სეგმენტი დავკარგოთ, რადგან ის მათთვის მიმზიდველი და მომგებიანია. ჩვენს ვუსმენთ ბიზნესს და ვალდებულები ვართ, სხვა გეგმებთან ერთად ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ავიაკომპანიებს, 9 ივლისიდან, რუსეთიდან საქართველოში ფრენები აუკრძალა.

კომენტარები