ეროვნული ბანკი

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტი მიმოქცევაში 1-ლი ოქტომბრიდან შევა

ეროვნული ბანკი

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.

განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.

უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები "იმერეთი-დედაჩემი" ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი. 

ფოტო: ეროვნული ბანკი
განახლებული ბანკნოტი დაცულია, როგორც მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით.

განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.

ეროვნული ბანკი ამბობს, რომ ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინის შემადგენელი დეტალები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული დამცავ ნიშნებთან, მათი გაფორმების სტილი, პარამეტრები და დამცავი ნიშნები თანამედროვე, აპრობირებული და თანმიმდევრულია თითოეული ნომინალისათვის და მთლიანობაში ქმნის ერთიანი ოჯახის კონცეფციას, რაც იყო კიდევაც პროექტის ძირითადი მიზანი.

ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინი შექმნა ბაჩა მალაზონიამ.

კომენტარები