რუსთავი 2

საგარეოს მოწოდებას, შეაფასონ გაბუნია, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია

0 კომენტარი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, სათანადო შეფასება მიეცათ რუსთავი 2-ის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმირ პუტინის გინებას, არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია.

როგორც ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, ამ თემას უწყება მოგვიანებით გამოეხმაურება.

"ამ თემას გამოვეხმაურებით და შესაბამისად, როცა იქნება აუცილებლად გაცნობებთ",- ამბობენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ "პოსტ სკრიპტუმის" პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რუსულად აგინა. გიორგი გაბუნიას მონოლოგმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინ აქცია გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. მონაწილეთა ნაწილი ტელეწამყვანისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, ნაწილს კი სურდა, რომ გიორგი გაბუნიას საქართველო სერგეი გავრილოვის მსგავსად დაეტოვებინა. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მომხდარის გამო მაყურებელს ბოდიში მოუხადა. გიორგი გაბუნიას გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ და ქართული ოცნების დეპუტატებმა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საგარეომ საქართველოს ხელისუფლებას პუტინის გინების დაგმობა მოუწონა. 

ასევე, მომხდარს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა. ის გაბუნიას მონოლოგს "რუსოფობიის" გამოვლინებად მიიჩნევს. მისი თქმით, ამის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ "ხელისუფლებას არ სურს მოთოკოს ექსტრემისტული განწყობების მქონე ახალგაზრდები". პესკოვი, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციას გულისხმობს. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები