აშშ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება დაბლოკა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Reuters

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება 332 ხმით 95-ის წინააღმდეგ დაბლოკა.

იმპიჩმენტის პროცესის დაწყებაზე რეზოლუცია ტეხასელმა დემოკრატმა კონგრესმენმა ალ გრინმა შეიტანა მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ტრამპის მხრიდან 4 დემოკრატი კონგრესმენი ქალის მიმართ რასისტული კომენტარები დაგმო.

ალ გრინის რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ტრამპმა პრეზიდენტის ოფისს სახელი გაუტეხა.

იმპიჩმენტის წამოწყებას მხარი დემოკტარი კონგრესმენების უმეტესობამაც არ დაუჭირა.

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატი სპიკერი ნენსი პელოსი ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას მხარს არ უჭერს მანამ, სანამ მის წინააღმდეგ საკმარისად მტკიცე მტკიცებულებები არ იქნება.

"ჩვენ გვაქვს ექვსი კომიტეტი, რომელიც მუშაობს ტრამპის მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, სამართლის აღსრულებისათვის ხელის შეშლის ფაქტების გამოძიებაზე და კიდევ იმაზე, რაშიც შესაძლოა პრეზიდენტი იყოს გარეული. ეს სერიოზული გზაა, რომელსაც ვადგავართ." თქვა მან.

ალ გრინმა ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება 2017 და 2018 წლებშიც სცადა. მაშინ მისმა რეზოლუციებმა ნაკლები მხარდაჭერა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ტრამპის მიერ კონგრესმენი ქალების მიმართ "რასისტული კომენტარები, რომლებიც ახალი ამერიკელებისა და ფერადკანიანების მიმართ შიშს და სიძულვილს ახალისებს" დაგმო.

რეზოლუციას მხარი 240-მა კონგრესმენსმა დაუჭირა, მათ შორის მხოლოდ 4-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა. წინააღმდეგი 187 იყო. რესპუბლიკეთა ნაწილს რეზოლუცია ზრდილობის წესების დარღვევად მიაჩნია. მათ თქვეს, რომ რეზოლუცია წესებს არღვევს, რადგან კანონმდებლებს უფლება არ აქვთ პიროვნული კომენტარები გააკეთონ სხვა ოფიციალური პირების მიმართ.

"თეთრი სახლიდან მომავალი კომენტარები სამარცხვინო და ამაზრზენია და ეს კომენტარები ამავდროულად არის რასისტული." თქვა კონგრესის სპიკერმა დემოკრატმა ნენსი პელოსიმ.

ტრამპი რასიზმში მას შემდეგ დაადანაშაულეს, რაც მან საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ "პროგრესული" დემოკრატი კონგრესმენი ქალები, რომლებიც მას ასწავლიან როგორ მართონ ქვეყანა იქ უნდა დაბრუნდნენ, საიდანაც ჩამოვიდნენ, რომლებსაც კატასტროფული მთავრობები ჰყავს და საკუთარ ქვეყნებს მიხედონ. ტრამპს სახელები არ დაუკონკრეტებია, თუმცა მისი განცხადების ადრესატებას დემოკრატი კონგრესმენები ილჰან ომარი, ალექსანდრია ოკასიო კორტეზი, რაშიდა ტალიბი და აიანა პრესლი მოიაზრებიან. აღსანიშნავია, რომ მათგან მხოლოდ ილჰან ომარი დაიბადა აშშ-ის გარეთ და ქვეყანაში 12 წლის ასაკში ჩავიდა, რის შემდეგაც მოქალაქეობა მიიღო.

მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, ტრამპის გამონათქვამი დაგმეს და მოსახლეობას მოუწოდეს ამ გამონათქვამებმა მათი ყურადღება არ გადაიტანოს პოლიტიკური საკითხებიდან. ამის შემდეგ ტრამპმა დაწერა, რომ წუწუნის ნაცვლად მათ შეუძლიათ ქვეყანა დატოვონ, თუ ის არ მოსწონთ და ასევე თქვა, რომ მის სხეულში ერთი რასისტული ძვალიც კი არაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები