დონალდ ტრამპი

ტრამპი: ავღანეთის ომის მოგება რომ მსურდეს 10 დღეში გავანადგურებდი, 10 მლნ. კაცის მოკვლა არ მსურს

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი და იმრან ხანი ფოტო: ABC

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პაკისტანის პრემიერმინისტრი იმრან ხანი მიიღო. მათ ორ ქვეყანას შორის ურთერთობების გაუმჯობესებაზე ისაუბრეს.

შეხვედრამდე ტრამპმა ჟურნალისტებთან ავღანეთის საკითხზე ისაუბრა და თქვა, რომ ავღანეთში ომის მოგება 10 დღეში შეეძლო, რომ ნდომოდა, თუმცა მილიონობით ადამიანის დაღუპვა არ სურს:

"ამ ომის ერთ კვირაში მოგება შეგვიძლია. მე უბრალოდ არ მსურს 10 მილიონი ადამიანის მოკვლა. მე ავღანეთზე გეგმები მაქვს, რომ მსურდეს ამ ომის მოგება, ავღანეთი დედამიწის პირიდან აღიგვებოდა, გაქრებოდა, ეს ზუსტად 10 დღეში დასრულდებოდა." თქვა მან.

ტრამპმა თქვა, რომ სწორედ ამიტომ თანამშრომლობენ პაკისტანთან და სხვა ქვეყნებთან რეგიონში, რათა აშშ-მა ძალები გამოიყვანოს. ტრამპის თქმით აშშ-ს რეგიონში პოლიციელის როლის შესრულება აღარ სურს.

ამის შემდეგ ტრამპმა ისაუბრა იმ ბომბზე, რომელიც აშშ-მა 2017 წლის აპრილში, მისი გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში, ავღანეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიყენა. ესაა ყველაზე დიდი არა-ატომური ბომბი, რომელიც ბრძოლაში გამოუყენებიათ. შედეგად ტერორისტული დაჯგუფების 36 წევრი დაიღუპა.

"ჩვენ კიდევ ბევრი ასეთი ბომბის დამზადებას ვგეგმავდით, მაგრამ მე უარი ვთქვი. მე არ მსურს მისი გამოყენება." თქვა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ ავღანეთში ამჟამად აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ მთავრობასა და თალიბანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონფლიქტის გადაწყვეტის თაობაზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები