რუსეთი

მოსკოვის საკრებულოს დაურეგისტრირებელმა კანდიდატმა შიმშილობა დაიწყო

Общая Газета

მოსკოვის საკრებულოს დაურეგისტრირებელმა კანდიდატმა, ივან ჟდანოვმა, შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია მისი შტაბის ხელმძღვანელზე, ბორის ზოლოტარევსკიზე, დაყრდნობით ავრცელებს. 

"მე სხვა აღარანაირი საშუალება და შესაძლებლობა აღარ დამრჩა იმისთვის, რომ ჩემი პოზიცია ხელისუფლებამდე მივიტანო. დღეიდან მე შიმშილობას ვიწყებ და საჭმლის მიღებაზე უარს ვამბობ. მე აღარ გავცემ შეკითხვებზე პასუხებს, მე უარს ვაცხადებ ამ სასამართლო სხდომაში მონაწილეობის მიღებაზე,"- თქვა ჟდანოვმა სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი დაკავების კანონიერების შესახებ საჩივარი განიხილებოდა.

ჟდანოვი 27 ივლისს მოსკოვის მერიასთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული სამართლის იმ მუხლით დააკავეს, რომელიც კრძალავს მონაწილეობის მიღებას ისეთ ღონისძიებაში, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობას ზღუდავს. ის 15 დღით დააკავეს. 

დამოუკიდებელი კანდიდატები მოსკოვში 14 ივლისიდან საპროტესტო აქციებს მართავენ, რადგან ისინი მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე დაუშვან. მოსკოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისთან გამართული აქციის შემდეგ საგამოძიებო კომიტეტმა საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით გამოძიება დაიწყო. 

27 ივლისს აქცია მოსკოვის მერიასთან გაიმართა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ იყო. ის პოლიციამ და რუსეთის გვარდიამ ძალადობრივად დაშალა. საერთო ჯამში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები. ამასთან, სამართალდამცველები შევიდნენ იმ დამოუკიდებელი ტელევიზიების სტუდიებშიც, რომლებიც აქციებს პირდაპირ ეთერში ტრანსლირებდნენ. 27 ივლისის აქციაზე პროკურატურამ საქმე პოლიციელებისადმი ძალის გამოყენების მუხლით აღიძრა. ამ დროის მონაცემებით, გამამტყუნებელი განაჩენი აქციის 5 მონაწილის მიმართაა გამოტანილი. 

შემდეგი აქცია ორგანიზატორებმა 3 აგვისტოს დააანონსეს, თუმცა დღეს, 2 აგვისტოს პროკურატურამ გაფრთხილება გაავრცელა, სადაც ორგანიზატორებს უთხრა, რომ მოსკოვში ჩატარებული ნებისმიერი საჯარო ღონისძიება, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით არ იმართება, პირდაპირ უკანონობად ჩაითვლება და პოლიცია მის ხელთ არსებულ ყველა ზომას გამოიყენებს

აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა, ლიუბოვ სობოლმა, Twitter-ზე დაწერა, რომ პროკურატურის გაფრთხილების მიუხედავად, აქცია-მსვლელობა მაინც გაიმართება. 

კომენტარები