სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: სააკაშვილის განცხადებები შეურაცხმყოფელია და ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერესებს

სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტის პრესსამსახური

სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის IWPR-თან მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც სააკაშვილმა 2008 წლის ომზე ისაუბრა. 

ზურაბიშვილი twitter-ზე წერს, რომ გაპრეზიდენტების შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონდა, სააკაშვილზე კომენტარი არასდროს აღარ გაეკეთებინდა, თუმცა, მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ბოლო ინტერვიუ ყველა ზღვარს სცდება და ზიანს აყენებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს.  

"სააკაშვილმა 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან ურთიერთობის შესახებ, გადაკვეთა ყველა ზღვარი, რითაც ზიანს აყენებს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. მისი განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყანას გვერდში უდგანან. ასეთი სიცრუე და არასწორი ინტერპრეტაცია არის უპასუხისმგებლო და მიუღებელი ყოფილი პრეზიდენტისგან"- წერს ზურაბიშვილი. 

მისივე თქმით, ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის საქართველოსა და მისი მოკავშირეების ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრის ნათელი მაგალითი. 

"ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი ქვეყნის მადლიერებას ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების განგრძობადი მხარდაჭერისადმი 2008 წლის ომის პერიოდში და მას შემდეგ. როგორც პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ყველა მსგავსი მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც ძირს გამოუთხრის ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს"- წერს ზურაბიშვილი. 

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის ომზე ისაუბრა. მან ევროპელი დიპლომატების ნაწილი გააკრიტიკა. მან ასევე ისაუბრა, საფრანგეთის მაშინდელ პრეზიდენტზე, ნიკოლა სარკოზის როლზე აგვისტოს ომის და შემდგომ განვითარებულ პროცესებში. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება იყო, რადგან "საკუთარი მოსახლეობა დაბომბა და პროვოკაციას აჰყვა". შემდეგ განცხადებებში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა დააზუსტა, რომ აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ, "რუსული სცენარის განხორციელებაში წვლილი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიტანა". ასევე, ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ "ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, მაგრამ საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი [2008 წლის ომი] ამ საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ".

საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) ეთნიკური წმენდის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო სარჩელი 2008 წელს შეიტანა. მომდევნო წლის პირველ დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში შესაგებელი სარჩელი შეიტანა, სადაც საქართველო „გენოციდში“ დაადანაშაულა. სარჩელში რუსეთის ფედერაცია საქართველოს საზღვრების ცვლილების დაკანონებას მოითხოვს და მტკიცებულებად იყენებს ციტატას სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან "La tragédie géorgienne 2003-2008".

ამონარიდები რუსეთის სარჩელიდან და მათ მიერ გამოყენებულ ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები