ტურიზმი

ბახტაძე: აუცილებლად დავაბრუნებთ ტურიზმში მზარდ დინამიკას

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის მიერ დამუშავებული პროგრამების მეშვეობით, ქართული ტურიზმის სექტორი შეძლებს ბოლოდროინდელი პრობლემები აღმოფხვრას:

"დღეს აუცილებელია, ტურიზმის სექტორში მოღვაწე მცირე და საშუალო ბიზნესს გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ. ჩვენ დავამუშავეთ ორი პროგრამა, რომელიც, ვფიქრობ,საკმარისი იქნება, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე მცირე და საშუალეო მეწარმეები გაუმკლავდნენ იმ პრობლემებს, რომლებიც მოკლე ვადაში შეგვექმნა. რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, დარწმუნებული ვარ, ჩვენ დავაბრუნებთ ტურიზმის სექტორში იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც გვქონდა," - ამბობს ბახტაძე.

პრემიერის თქმით, ივლისის მონაცემებით, ტურისტული სექტორის ზარალმა 60 მილიონ დოლარამდე შეადგინა.

მამუკა ბახტაძემ 2 აგვისტოს სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მთავრობა აპირებს, მცირე და საშუალო სასტუმროებს დაუფინანსოს პროცენტები და აამოქმედოს საკრედიტო-საგარანტიო სქემა ტურიზმის სექტორისათვის.

"დღეს ყველაზე მოწვყლადი არის ტურიზმის სექტორი, აქედან გამომდინარე, დახმარება პირველ რიგში სჭირდება მცირე და საშუალო სასტუმროებს. გავაკეთეთ პროგრამა, რომელიც სექტემბერში ამოქმედდება და გულისხმობს იმას, რომ მოვახდინოთ პროცენტის თანადაფინანსება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის," - თქვა პრემიერმა.

ბახტაძის თქმით, მთავრობა გარანტად დაუდგება ტურიზმის სფეროს მეწარმეებს.

მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 5,8%-ით გაიზარდა და 1 მილიონს გადააჭარბა, უშუალოდ ტურისტების რაოდენობა კი 570,482 იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1%-ით მეტია.

რუსული ავია სანქციების დაწესების შემდეგ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურისტული ნაკადი რუსეთიდან 6,4%-ით შემცირდა. დიდი ალბათობით რუსეთთან ავია მიმოსვლის შეჩერებამ გავლენა იქონია, საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაზე. წელს ამ გზით შემოსული ნაკადის რაოდენობა 8,7%-ით შემცირდა.

კომენტარები