სასამართლო სისტემა

ჯანეზაშვილი: შენგელია დასაჯეს იმით, რომ მისი ცოლის ძმა, ლევან თევზაძე კონკურსს გამოთიშეს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ლევან თევზაძემ კანდიდატურა მოხსნა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მან განცხადებით 2 სექტემბერს მიმართა, დღეს, 4 სექტემბერს კი მიზეზი საჯაროდ დააზუსტა - ნათესაური კავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთან, ირაკლი შენგელიასთან. ლევან თევზაძე შენგელიას ცოლის ძმაა. 

თევზაძე განცხადებაში მიუთითებს, რომ მას აქვს ლეგიტიმური უფლება, მონაწილეობდეს კონკურსში, თუმცა მხედველობაში იღებს პროცესის მნიშვნელობას სასამართლო სისტემისთვის. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი. შერჩევის პროცესში კონკრეტულმა პირებმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთმა არამოსამართლე წევრმა, საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია თითქოს საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიასთან ჩემი ნათესაური კავშირი აცილების საფუძველს წარმოადგენდა, რაც პროცესის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა. ორგანული კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აცილების კონკრეტული საფუძვლები, რაც ჩემს შემთხვევას საერთოდ არ ეხება.

მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ და მაქვს ლეგიტიმური უფლება, მონაწილეობას ვიღებდე კონკურსში, თუმცა მხედველობაში მივიღე მიმდინარე პროცესის მნიშვნელობა სასამართლო სისტემისთვის და მიზანშეწონილად მივიჩნიე, მიმემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ ისტორიულ პროცესს", - აცხადებს თევზაძე. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი შენგელიას და თევზაძეს შორის ნათესაურ კავშირსა და ინტერესთა კონფლიქტზე მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესში აქტიურად საუბრობდა. ამ და მისი სხვა შენიშვნების გამო ჯანეზაშვილს მოსამართლე წევრები ხშირად ეკამათებოდნენ და შეურაცხყოფასაც კი აყენებდნენ. 

ერთ-ერთი ასეთი კამათის დროს ირაკლი შენგელიამ თქვა, რომ ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოს წევრობას მიხეილ ჩინჩალაძეს [ე.წ კლანის ლიდერს] უნდა უმადლოდეს. 

ჯანეზაშვილი დღეს ტაბულასთან ამბობს, რომ თევზაძის მიერ კანდიდატურის მოხსნა, სავარაუდოდ, შენგელიას ამ განცხადებას უკავშირდება. 

"ამით მან ირიბად თქვა, რომ ჩინჩალაძე ამ პროცესში, როცა არამოსამართლე წევრებით კომპლექტდებოდა საბჭო, ჩართული იყო და სავარაუდოდ, მას ინფორმაცია ჰქონდა, ვის აირჩევდნენ და ვის არა, ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს. შესაბამისად, ამ განცხადებით მან ზიანი მიაყენა საქართველოს პარლამენტს. არა ჩინჩალაძეს, არა სასამართლოს, არამედ საქართველოს პარლამენტს. როგორ შეიძლება, ერთ კონკრეტულ პირს, თუნდაც ის იყოს მოსამართლე, ჰქონდეს გავლენა საქართველოს პარლამენტზე.

მაგრამ ამ განცხადებაში ძალიან მკვეთრად ჩანდა, რომ ეს ადამიანი ძალიან გავლენიანი პირია. ამიტომ შემდეგ მოუწია [შენგელიას] ახსნა-განმარტებების გაკეთება, მაგრამ როგორც ეს მაფიოზურ დაჯგუფებებში ხდება, ალბათ აქაც ის პრინციპები მუშაობს - ამის გამო ირაკლი შენგელია დასაჯეს. იმით, რომ მისი ცოლის ძმა გამოეთიშა პროცესს, მას აუწიეს ყური. არაფორმალური კვოტა, რომელიც ალბათ მას ჰქონდა უზენაეს სასამართლოში, უკვე აღარ აქვს. 

თევზაძე, რა თქმა უნდა, რჩება სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ, მაგრამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ აღარ მოიაზრება, რადგან მოხსნა კანდიდატურა", - ამბობს ჯანეზაშვილი. 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების ქულები გამოაქვეყნა. საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის კანდიდატთა კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს.  

თავდაპირველად კონკურსის მეორე ეტაპზე 50 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა, ორმა მათგანმა კანდიდატურა მოხსნა. კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ივლისსა და აგვისტოში გაესაუბრა

დღეს, 4 სექტემბერს, 16:00 საათზე კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი გამოვლინდება, რომელსაც შემდეგ საბჭო პარლამენტს წარუდგენს. 

კომენტარები