აშშ-ირანი

დონალდ ტრამპმა ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების ბრძანება გასცა

0 კომენტარი
დონალდ ტრამპი ფოტო: Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ირანისათვის ახალი სანქციების დაწესების ბრძანება გასცა.

"ახლახან მივეცი მითითებები სახაზინო დეპარტამენტის მდივანს ირანისათვის სანქციების საგრძნობლად გაზრდაზე!" დაწერა მან ტვიტერზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია კონკრეტულად რა სახის ახალი სანქციები დაუწესდება ირანს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის და საუდის არაბეთის ოფიციალური პირები ირანს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა CBS-თან საუბარში თქვეს, რომ დაადგინეს საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის წყარო. მათი თქმით დრონები და რაკეტები ირანის სამხრეთ ტერიტორიიდან გაუშვეს.

საუდის არაბეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მათი შეჩერება ვერ მოახერხა, რადგან სამხრეთით იყო მიმართული იემენიდან წამოსული თავდასხმის შესაჩერებლად.

სიტუაციის შესასწავლად საუდის არაბეთში ფრანგი ექსპერტები გაემგზავრნენ.

CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს საპასუხო გეგმის მომზადება დაავალეს, თუმცა თეთრი სახლი საუდის არაბეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედონ. უახლოეს დღეებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საუდის არაბეთს ეწვევა.

საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ წარადგენენ მტკიცებულებებს, რომელიც დაამტკიცებს თავდასხმაში ირანის მონაწილეობას.

ირანი თავდასხმაში მონაწილეობას კვლავ უარყოფს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები