აშშ-ირანი

როუჰანის თქმით თუ აშშ-ს 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაზე მეტი სურს, მეტი უნდა გადაიხადოს

ჰასან როუჰანი
Reuters

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თუ აშშ-ს სურს 2015 წლის ირანის ბირთვულ შეთანხმებაზე მეტი, მეტი უნდა გადაიხადოს.

"ჩვენი პასუხი ზეწოლის ქვეშ მოლაპარაკებებზე არის არა. თუ გსურთ მეტი, თუ გჭირდებათ მეტი, უნდა გასცეთ მეტი და მეტი გადაიხადოთ." თქვა როუჰანიმ.

როუჰანიმ მსოფლიოს ლიდერები გააფრთხილა, რომ რეგიონში სიტუაცია უკიდურეს ზღვარს უახლოვდება და იქ არსებული პრობლემების გადაჭრაზე რეგიონის ქვეყნებმა უნდა იმუშაონ და არა გარეშე ძალებმა.

"ჩვენ არ შევეგუებით უცხოელების პროვოკაციულ ჩარევას. ჩვენ გადამწყვეტ და მძლავრ პასუხის გავცემთ ჩვენი უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერ დარღვევას." თქვა მან გამოსვლაში.

გუშინ საკუთარ გამოსვლაში ტრამპმა თქვა, რომ ირანის ლიდერებს "სისხლი სწყურიათ" და ქვეყნებს მოუწოდა მათზე ზეწოლის გაძლიერებისაკენ.

საუდის არაბეთში ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმაში ირანის დადანაშაულების შემდეგ აშშ რეგიონში სამხედრო კონტიგენტს ზრდის.

მიუხედავად ამისა, ტრამპმა თქვა, რომ კვლავ ხედავს მშვიდობიან გზას ირანის კრიზისის გადასაჭრელად და ამისათვის 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმების გაფართოებაა საჭირო. როუჰანი კი აცხადებს, რომ შეთანხმების გადახედვა სანქციების სრულად მოხსნამდე და ვაშინგტონის 2015 წლის შეთანხმებაში დაბრუნებამდე არ მოხდება.

მიუხედავად საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ლიდერების მოწოდებისა, როუჰანიმ ასევე გამორიცხა, რომ გაეროს სამიტის ფარგლებში ნიუ იორკში დონალდ ტრამპს შეხვდება.

აშშ-მა ირანის ბირთვული შეთანხმება გასულ წელს დატოვა და ქვეყანა პირობების დარღვევაში დაადანაშაულა. მას შემდეგ აშშ-მა ირანს სანქციები ხელახლა დაუწესა და არაერთხელ გაამკაცრა.

მიმდინარე კვირას სანქციები დაუწესდათ ჩინურ კომპანიებსაც, რომლებსაც ირანული ნავთობი გადაჰქონდათ.

აშშ-ის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ თეირანმა შეთანხმების პირობების შესრულება თანდათანობით შეამცირა და ჰორმუზის სრუტის გადაკეტვით დაიმუქრა. პარალელურად, შეთანხმების წევრი სხვა ქვეყნები ირანთან მის შესანარჩუნებლად მოლაპარაკებებს აგრძელებენ.

კომენტარები