ენმ

ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი სააკაშვილის განცხადებებზე: ვწუხვარ, მაგრამ უნდა დავტოვო პარტია

ნინო ლაპიაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ნინო ლაპიაშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებების გამო, რომელიც მან 29 სექტემბრის საღამოს ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში გააკეთა, პარტიას და პოლიტსაბჭოს ტოვებს. 

ლაპიაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის განცხადებები გიგა ბოკერიაზე არის კონცეპტუალურად არასწორი, ამასთან ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომა. 

"თავიდან ბოლომდე ვემიჯნები მიშა სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას გიგა ბოკერიაზე. მისი წარმოჩინება, როგორც ქართული ტრადიციების წინააღმდეგისა, არასწორია კონცეპტუალურად და ამასთან, არის ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაც.

ანუ, რა გამოდის?! 2000-იანი წლების დასაწყისში დავბრუნდეთ და ვიძახოთ "ბოკერია იეღოველი" , რადგან ბოკერია რელიგიური უმცირესობების ჩაგვრას და მათზე ძალადობას მკაფიოდ და არაორაზროვნად აპროტესტებდა, თუ როგორ არის ჩვენი საქმე?!

ბოკერიას კრიტიკა სხვა ნიადაგზე არგუმენტირებულად შეიძლება, თუ მაინც და მაინც ეს საკითხი პრიორიტეტულად ხვდება ლიდერი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელის/დამფუძნებლის დღის წესრიგში.

დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია მოიგებს 2020 წლის არჩევნებს და იქ ენმ იქნება წამყვანი ძალა, მაგრამ თუ გუშინ გაჟღერებული იდეოლოგიით უნდა მოხდეს ქვეყნის მართვა, მაშინ ისიც ზუსტად ვიცი, რომ უარესი შედეგებით და მმართველი ძალისთვის უფრო მწვავედ დასრულდება, ვიდრე ეს 2012-ში მოხდა.

წლების განმავლობაში ყველანაირი შეურაცხყოფა ავისხლიტე ჩემი მიშა სააკაშვილის მხარდაჭერისა და მოგვიანებით, ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრობის გამო, მაგრამ იდეის მჯეროდა და საერთოდ არ მანაღვლებდა.
ახლა, ამ სიტუაციაში სად არის იდეა, რომელიც გამაძლიერებს?!

ხოლო, თუ მთავარი ღირებულებები გაქრა და აშკარად მიუღებელთან ზღვარი წაიშალა, მაშინ აწმყოში რაღა მაერთიანებს ამ უდაოდ დიდ პოლიტიკოსთან, რომელმაც უახლოეს წარსულში ნამდვილად საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობას?!

სამწუხაროა, მაგრამ უნდა დავტოვო პარტია და პოლიტსაბჭო", - დაწერა ნინო ლაპიაშვილმა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ენმ-ის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში თქვა, რომ გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს, მაგალითად, თავად ჯვარს ატარებს და მართლმადიდებელია. 

"​ყოველთვის​, მთელი ეს წლები, განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების...". - თქვა სააკაშვილმა ბოკერიაზე. 

ჟურნალისტმა სააკაშვილს შეახსენა, რომ გიგა ბოკერიას მიმართ მსგავსი ბრალდებები აქვს "ქართულ მარშს", ირმა ინაშვილს, ყველა ანტიდასავლურ და პრორუსულ ძალას და მეტიც, იგივე ბრალდებები აქვთ მის მიმართაც. ეკა კვესიტაძემ ექსპრეზიდენტს უთხრა, რომ ზუსტად იგივე პრეტენზიით საუბრობს ყოფილი თანამებრძოლების შესახებ და საჭიროა მაგალითი, რომელიც ამტკიცებს "ამ ძალიან უცნაურ პრეტენზიას".

"ჩემ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი... ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის", - თქვა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ამ განცხადებებს ფეისბუქზე ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია გამოეხმაურა პოსტით: "ჩემს ადგილზე რას დაწერდით ან რას იტყოდით?". 

პარტიის სხვა წევრები კომენტარს არ აკეთებენ. 

კომენტარები