საქართველო-სომხეთი

შსს: სომეხი ჟურნალისტები "კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევების" გამო არ შემოვუშვით

newcaucasus

რატომ არ შემოუშვეს სამი სომეხი ჟურნალისტი საქართველოში, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში მათი არშემოშვების მიზეზს არ აკონკრეტებენ. 

როგორც შსს-მ "ტაბულას" უთხრა, Epress.am-ის ჟურნალისტები, იური მანველიანი, ტიგრან ხაჩატარიანი და ტიგრან აკოფიანი ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე საქართველოს კანონის უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მე-11 მუხლის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე არ შემოუშვეს. აღნიშნული ქვეპუნქტი კი "კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს" გულისხმობს.  

სომეხი ჟურნალისტების თქმით, 11 ოქტომბერს მესაზღვრეებმა საქართველოში შეშვებაზე უარი "არასასურველი საქმიანობისა" და "სიტუაციის შეცვლის" მიზეზით უთხრეს.  

სომხური გამოცემა Epress.am წერს, რომ მას შემდეგ, რაც მესაზღვრეებმა ხაჩატარიანის, აკოფიანისა და მანველიანის პროფესიის შესახებ შეიტყვეს, ისინი განცალკევებით ოთახში გაიყვანეს, სადაც 4 საათით გააჩერეს. მათი ინფორმაციით, მესაზღვრეებს რამდენჯერმე აუხსნეს, რომ ახალქალაქში, ახალციხესა და თბილისში მიდიოდნენ, რათა ჟურნალისტებთან ინტერვიუ ჩაეწერათ.  

როგორც სომხური მედია წერს, ახსნის მიუხედავად, მესაზღვრეები მათ აკრედიტაციას სთხოვდნენ, რომელიც წარსულში, მათი თქმით, არ დასჭირვებიათ. "სიტუაცია შეიცვალა,"-ჟურნალისტების თქმით, ეს პასუხი მიიღეს მესაზღვრეებისგან. 

როგორც მანველიანი, ხაჩატარიანი და აკოპიანი ამბობენ, მესაზღვრეებმა მათ განუმარტეს, რომ საზღვარზე მიკროფონებს, კომპიუტერებსა და კამერებს ვერ გადაიტანდნენ. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ტექნიკა დატოვეს და კვლავ მიბრუნდნენ, მათი ინფორმაციით, საქართველოში ისევ არ შეუშვეს. მიზეზად აგრესიულად უთხრეს, რომ მათი საქმიანობა "არასასურველია, საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება ეკრძალებათ" და ქვეყანაში ვერ შევიდოდნენ.

კომენტარები