აშშ-ირანი

საუდის არაბეთზე თავდასხმის პასუხად აშშ-მა ირანზე კიბერშეტევა განახორციელა

Reuters

საუდის არაბეთის ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე მომხდარი თავდასხმის პასუხად აშშ-მა ირანზე კიბერშეტევა განახორციელა.

ამის შესახებ Reuters აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ანონიმურად უთხრეს.

მათი თქმით ოპერაცია სექტემბერში განხორციელდა და მიზნად თეირანის მიერ პროპაგანდის გავრცელების აღკვეთას ისახავდა.

პენტაგონში ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც აშშ-მა ირანის ქმედებებს კიბერთავდასხმით უპასუხა.

20 ივნისს ირანმა ჰორმუზის სრუტის თავზე აშშ-ის სამხედრო დრონი ჩამოაგდო. მათი თქმით დრონი ირანის საჰაერო სივრცეს არღვევდა, თუმცა აშშ-ში ირწმუნებიან, რომ ის საერთაშორისო წყლების თავზე დაფრინავდა და თავდასხმების შემდეგ ტანკერებს აკვირდებოდა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ დრონის ჩამოგდების საპასუხოდ ირანზე სარაკეტო იერიშს განიხილავდა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და სანაცვლოდ კიბერ თავდასხმა განხორციელდა.

გასულ კვირას კი პენტაგონში განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის თავდაცვის გაზრდის მიზნით ქვეყანაში დამატებით 1,800-მდე ჯარისკაცს და სამხედრო ტექნიკას, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებს და თავდაცვის სისტემებს გზავნის.

პენტაგონში ამბობენ, რომ მიზანს ირანისაგან მომავალი საფრთხისაგან საუდის არაბეთის და რეგიონის დაცვა წარმოადგენს.

აშშ-მა საუდის არაბეთში სამხედრო წარმომადგენლობა სექტემბერში სამეფოს ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაზარდა. თავდასხმაში აშშ-ცა და საუდის არაბეთის ირანს ადანაშაულებს. ირანი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თავდასხმის უკან იემენელი ჰუსიტი ამბოხებულები იდგნენ და ეს მათი პასუხია იემენში საუდის არაბეთის კოალიციის ქმედებებზე. თავდასხმის შემდეგ აშშ-მა სამეფოში ჯარისკაცების რაოდენობა ბოლო თვეში, ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების ჩათვლით, ჯამში 3,000-ით გაზარდა, მიმდინარე წლის მაისიდან კი ჯამში 14,000-ით.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში აბობენ, რომ სამხედრო მხარდაჭერა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა ითხოვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ირანი ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტებზე თავდასხმის გარდა მიმდინარე წელს სპარსეთის ყურეში რამდენიმე ნავთობტანკერზე მომხდარ აფეთქებებშიც დაადანაშაულა, რასაც ირანი ასევე უარყოფს.

კომენტარები