აშშ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მალერის გამოძიების საწყისებზე კრიმინალური გამოძიება დაიწყო

დონალდ ტრამპი / რობერტ მალერი / უილიამ ბარი
NY Post

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რობერტ მალერის სპეციალური გამოძიების საწყისებზე კრიმინალური გამოძიება დაიწყო. ინფორმაცია პირველად New York Times-მა გაავრცელა. უცნობია კონკრეტულად რა დანაშაულის ბრალდებით დაიწყო გამოძიება.

მალერის სპეციალური გამოძიების გადახედვა ჯერ კიდევ მაისში დაიწყო და მას მთავარი პროკურორი უილიამ ბარი ხელმძღვანელობდა. მაშინ მიზანს იმის დადგენა წარმოადგენდა, იყო თუ არა მალერის და მისი გუნდის მირ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაზე ინფორმაციის მოპოვების დროს კანონი დაცული. თუმცა, კრიმინალური გამოძიების დაწყება ნიშნავს, რომ გამომძიებლებს შეეძლებათ მალერი და სხვა პირები ჩვენებების და დოკუმენტების მისაცემად დაიბარონ. 

ტრამპი მალერის გამოძიებას ხშირად უწოდებდა "კუდიანებზე ნადირობას" და მისი საწყისების დადგენას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა 2-წლიანი გამოძიება ჩაატარა და ვრცელი ანგარიში მოამზადა. გამოძიებამ გამოავლინა 2016 წლის არჩევნებში ჩარევის მცდელობები, თუმცა ტრამპის კამპანიის უცხო აგენტებთან პირდაპირი და გამიზნული კავშირი ვერ დაადგინა.

გამოძიების ფარგლებში დააკავეს და პატიმრობა მიუსაჯეს ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებულ პირებს. მათ შორის ტრამპის ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი და ტრამპის კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი. სტოუნს ბრალად ცრუ ჩვენების მიცემა და მოწმეებზე ზეწოლა ედება, ხოლო მანაფორტს თაღლითობა და გადასახადებისათვის თავის არიდება.

წინასაარჩევნო კამპანიისას ფინანსების თაობაზე კანონის დარღვევა და ტრამპის საყვარლებისათვის გაჩუმების სანაცვლოდ ფულის გადახდა აღიარა ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა მაიკლ კოენმაც.

თავად მალერმა კონგრესში მოსმენისას თქვა, რომ გამოძიების ანგარიშში დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლის ნაწილში გამართლებული არ არის, როგორც ამას თავად ტრამპი ირწმუნება.

უკრაინასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერმინისტრს მალერის გამოძიების დისკრეტიდაციისათვის მტკიცებულებების მოძებნაში დახმარება სთხოვა.

ავსტრალიის ოფიციალური პირები ადასტურებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის პრემიერმინისტრს, სკოტ მორისონს სატელეფონო საუბრისას რობერტ მალერის სპეციალური გამოძიების სათავეების ძებნაში დახმარება სთხოვა. ავსტრალიური მედიის მიხედვით ზარიდან მალევე აშშ-ში ავსტრალიის ელჩი თეთრ სახლს დაუკავშირდა და დახმარება შესთავაზა.

ამ საუბრის ტრანსკრიპტზე წვდომა, ისევე, როგორც ზელენსკისთან ზარის შინაარსზე, თეთრმა სახლმა ჩვეულ პროტოკოლზე მეტად შეზღუდა.

მალერის გამოძიების დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო დიდ ბრიტანეთში ავსტრალიის უმაღლესი კომისრის მიერ გამოძიების ფედერალური ბიუროსათვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა ჯორჯ პაპადოპოლუსმა 2016 წლის მაისში უთხრა, რომ მოსკოვი ჰილარი კლინტონზე კომპრომატებს ეძებდა.

პაპადოპოლუსი მსგავს საუბარს უარყოფს, თუმცა 2018 წელს 2 კვირა გაატარა ციხეში მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს რუსეთის შუამავლებთან შეხვედრების შესახებ ატყუებდა.

ტრამპის წინააღმდეგ უკრაინასთან დაკავშირებული სკანდალის გამო დაწყებული საიმპიჩმენტო გამოძიების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები